logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სისტემური და "აუთსორსზე" გატანილი ძალადობა

28 ივნ 202321:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/06tkr8ym10p43t4.png

არის თუ არა მოულოდნელი პოლიტიკურ ლიდერებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე თავდასხმების მომრავლება? - სამწუხაროდ, არა. ჩვენს ტყავზეც გამოგვიცდია და ავტორიტარული რეჟიმების მოქმედების სახელმძღვანელოებშიც წერია, რომ მმართველობის დასასრულისკენ მიმავალი ლეგიტიმაციაგამოცლილი რეჟიმი ყოველთვის გადადის უხეშ რეპრესიებზე.

არის თუ არა ეს რეჟიმი ლეგიტიმაციაგამოცლილი? - არის. რადგან საარჩევნო შედეგითაც კი უმრავლესობის მანდატს არ ფლობს და ის მანდატიც ჩრდილში მყოფი ოლიგარქის გავლენების შედეგია.

ლეგიტიმაციის დეფიციტი მკვეთრად გაიზარდა, უხეშ ძალაზე ორიენტირებული ან შეშინებული ოცნების მხარდამჭერთა დიდი ნაწილის მიერ იმის გაცნობიერებით, რომ ნატო და დასავლეთი, ან გმირი უკრაინა კი არა - მოძალადე რუსების იერარქიაში, ბანდიტი პრიგოჟინი უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე კბილებდაძრობილი პიარის იმედზე დარჩენილი პუტინი.

არის თუ არა ივანიშვილის რეჟიმი რუსული? - არის! რადგან თავისუფლებისა და დემოკრატიის სიძულვილი, კორუფცია, სუსტის ჩაგვრა, უხეში ძალის თაყვანისცემა, ტყუილებით, ზიზღითა და სიძულვილით საზოგადოების დაყოფა და განეიტრალება მხოლოდ ნაწილია იმ მეთოდებისა, რომელზეც ოცნება დგას.

უნდა დავუძახოთ თუ არა ოცნების პოლიტიკოსებს რუსები? - რთული კითხვაა, რადგან ლევ იაშინიც რუსია და ვლადიმირ კარამურზაც, მაგრამ თავისუფლების და დემოკრატიის გამო, პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლეს სწირავენ. ალბათ, უფრო სწორია პუტინისტებად მათი მოხსენიება - ასეთი სტატუსი საკმაოდ ობიექტურად გამოიყურება: 2008 წლის ომს საქართველოს პრეზიდენტს და პუტინის "იძულებით მოქმედებას" აბრალებენ, ადამიანის უფლებებზე მდგარ თავისუფალ სამყაროს "გლობალური ომის პარტიად" მოიხსენიებენ, უკრაინაში პუტინის გამარჯვებას გულშემატკივრობენ, ზელენსკის მსოფლიოს მმართველი "5 ებრაული ოჯახის" დაქირავებულ პროვოკატორად თვლიან და დემოკრატიის დასასამარებლად და თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად, ხალხის გაღარიბების ხარჯზე კლეპტოკრატიული კლანების გასამდიდრებლად, პუტინის მიერ გამოყენებულ იარაღს - "უცხოელი აგენტების შესახებ" "რუსულ კანონს" ხმას აძლევენ. რა თქმა უნდა, ობიექტური იქნება, თუ მათ დამსახურებულად მოვიხსენიებთ იმად, რადაც თავად იქცნენ - ჭეშმარიტ ქართველ პუტინისტებად.

პუტინისტები რომ მართვის კომპლექსურ იარაღად სისტემურ ძალადობას გამოიყენებენ, მოულოდნელია? - არა.

რას აკეთებს თავად პუტინი და მისი აქაური მონასპა? - სისტემურად ძალადობს თავისუფალ ადამიანებზე და ასევე ახდენს ძალადობის "აუთსორსინგს".

სისტემური ძალადობა ნიშნავს, როცა შენს საკონსტიტუციო უფლებებს ჯერ პოლიცია არღვევს, მერე სასამართლო აფორმებს და სუსი ბიუჯეტიდან ნაკვები ტროლბოტების "ქარხნებით" ფონს უქმნის.

"აუთსორსი" ნიშნავს ძალადობის "სისტემიდან" გარეთ, ანუ "ხალხში" გატანას. ფული, აგენტურა, პროპაგანდის მანქანა შენია, ანუ სისტემური, მაგრამ "აღშფოთებული ხალხი" სისტემასთან "არაფერ კავშირშია.." თვითონ "ღშფოთდება": უთვალთვალებს მსხვერპლს, უსაფრდება, ცემს და "ეროვნულ-რელიგიურ ღირსებას" იცავს "შვილების მამა ქართველი კაცის და პატრიარქის", სინამდვილეში მათი წარმართული სიბნელის კულტის - პუტინის მოციქულის - წმინდა ბიძინასადმი ურჩობისა და უკმაყოფილების გამოხატვის გამო.

რით უნდა დაუპირისპირდე ასეთ სისტემურ და "აუთსორსზე" გატანილ ძალადობას? - რთულია სწორი პასუხის პოვნა. ალბათ, ყველაზე სწრაფად, რაც თავში მოგდის, როცა ფიზიკურ უსაფრთხოებაზეა საუბარი - ძალას ძალა დაუპირისპირო და თავი დაიცვა. ეს პუტინისტების მიერ სამიზნედ შერჩეული, ცალკე აღებული ყველა ადამიანის ლეგიტიმური უფლებაა. მითუმეტეს, თუ სახელმწიფო დანაშაულის თანამონაწილედ და არა შენი კონსტიტუციური უფლებების დამცველად მიგაჩნია. მაგრამ არის კი ეს პასუხი დიდი სურათის და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით სწორი, ან თუნდაც საკმარისი? მგონია, რომ არა.

პუტინისტების მიერ საქართველოში შექმნილ რეალობაში ძალადობის საპირისპიროდ ფიზიკური წინააღმდეგობის იმედად დარჩენა ცუდიცაა, სარისკოც და არაეფექტურიც: პუტინისტების ჯგუფს ახლა სახელმწიფო აქვს მიტაცებული და ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლების ერთადერთი ფორმალური მფლობელია. კრიმინალურ ჯგუფებთან ალიანსში - ძალადობის მოედანი მისია. ამ მოედანზე შესვლა ცალკე აღებული ჟურნალისტისთვის, აქტივისტისთვის, პოლიტიკოსისთვის, მეტიც, თუნდაც მთელი პოლიტიკური პარტიისთვის საშიშიცაა და უთანასწორო მარცხისთვის განწირული. უხეში ძალა ერთადერთია, რაშიც პუტინისტური რეჟიმი ახლა უპირატესობას ფლობს.

ზურას, მიშას და სხვების ცემაზე ერთადერთი სწორი რეაქცია ანტიპუტინისტი, ანტიკონფორმისტი საზოგადოების კონსოლიდაცია და პოლიტიკური წინააღმდეგობის ფრონტია, ანუ ის მოედანი, რომელზეც ქართველი ხალხის სრული უმრავლესობა, თავისუფალი სამყაროს სხვა ერებთან ერთად ისტორიის სწორ მხარეს, ღმერთის მიერ ბოძებული თავისუფლებისა და სიყვარულზე დაფუძნებული ღირებულებების დასაცავად დგას.

პუტინი განწირულია, მასთან ერთად მის ჩონჩხზე ჩამოკიდებული ყველა სათამაშო, რომელიც რხევის დროს ზანზალაკის ხმას ჯერ კიდევ გამოსცემს, მაგრამ ეს ხმა იმ წარსულიდანაა, რომელსაც ბოროტების სიმბოლოდ ქცეული კაგებეჩნიკი მარაზმატიკოსი მთელი მისი სატელიტებით მალე შეუერთდება. მას ჯოჯოხეთში ელიან, ხოლო ქართველი პუტინისტების ბედი ისეთივე იქნება, როგორც დღეს მათი მთავარი პროპაგანდისტული საშუალების ოფიციალური ფეისბუქგვერდისაა - იყო და არა იყო რა.


close დახურვა