logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: ნამდვილი ბრძოლა!

04 ივლ 202120:04
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო რამდენიმე კვირა და დღე განხილვასა და მძაფრი ემოციების გადმოფრქვევას ორი თემა ექვემდებარება: ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი და ქართული ქვიარ თემის მცდელობა, საჯარო სივრცეში, კონსტიტუციით ისედაც გარანტირებულ მოქალაქეთა თანასწორობის იდეას შინაარსი შესძინონ.

"საქართველო ევროპაა აზიაში" - როცა მიხეილ ჯავახიშვილი ამ ფრაზას უბის წიგნაკში ინიშნავდა, ალბათ გეოგრაფიულ მოცემულობაში ამოვარდნილ ქართულ კულტურულ განსხვავებულობას ითვალისწინებდა.

დღესაც, ეს ამბივალენტურობა და წინააღმდეგობრიობაა, მოსკოვის მცდელობასთან ერთად, ჩვენი საზოგადოების შიდა კონფლიქტის ძირითადი წყარო და დაძაბულობის მკვებავი. 

თან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნაზე გვინდა ქართული დროშა ფრიალებდეს და თან უმრავლესობისგან განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს ვეუბნებოდეთ, რომ თვალში ნუ შემეჩხირები, როცა მინდა შეურაცხყოფ, მეორეხარისხოვან მოქალაქედ დაგტოვებ, კარიერულ პერსპექტივას დაგიხშობ და მშობლებსა და ოჯახის წევრებს მორალურ ტერორს მოვუწყობ ისეთს, რომ საკუთარ შვილებზე უარს ვათქმევინებ და მეტიც - თემში ადგილის შესანარჩუნებლად, ყველაზე სასტიკად მასვე დავაგმობინებ იმას, ვინც თავადვე შობა, თუმცა მის ასეთად გაჩენაში გადამწყვეტი ნება, რომ მას აშკარად არ ეკუთვნის, ამაზე განსაკუთრებით რელიგიური ადამიანები არ დავობენ.

2 დღის წინ, მაშინ, როცა დოკუმენტური ფილმის დახურულ ჩვენებას ალყა ჰქონდა შემორტყმული და ქართული პოლიცია, ამ პაპანაქება სიცხეში, მოალყეების მიერ, მათ შორის ევროკავშირის და ამერიკის ელჩების მიმართულებით გამოსროლილ კვერცხებსა და ქვებს იგერიებდა, ყველანი, სხვა ალყის, ნამდვილი ბრძოლის, ნამდვილი თავგანწირვის, ნამდვილი გმირობის, ნამდვილი ქართველობის, ნამდვილი მტრის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის, ნამდვილი ქართული ერთობის შედეგის, ნამდვილად დაღვრილი ქართული სისხლის, ნამდვილი ქართველების მიერ ერთმანეთზე გადაფარების და ნამდვილი მეგობრის, თუ სრულიად უცნობი თანამებრძოლის გამო სიცოცხლის გაწირვის, ადრე მხოლოდ წიგნებში ამოკითხული და ჩვენი თაობის თვალწინ და მონაწილეობით წარსულის, თანამედროვეობის და მომავალი საქართველოს ერთ დროში მოქცეული უდიდესი ისტორიული მომენტის - ტამიშის ბრძოლის 28-ე წლისთავზე უნდა ვმდგარიყავით.

იმ დროების ტამიშის ქართულმა ლაშქარმა გაიმარჯვა. ამ დროების ქართული სახელმწიფო დამარცხდა. დამარცხდა ქართული პოლიტიკური კლასი, რადგან ვერ შეთანხმდა მთავარსა და ყველაზე მნიშვნელოვანზე, დამარცხდა ქართული განათლების სისტემა, რადგან ჩვენმა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა თითქმის არაფერი იციან ნამდვილ მტერსა და მათ წინააღმდეგ ნამდვილი ქართველების ნამდვილ ბრძოლაზე, დამარცხდა ქართული არასამთავრობო სექტორი და მედია, რადგან ფართო საზოგადოების სხვადასხვა შრეში შეღწევისა და ნამდვილი ცოდნის შეტანის ფორმას ვერ მიაგნო, დამარცხდა ქვეყნის წინაშე უზარმაზარი დამსახურების მქონე ეკლესიის სახელით მოლაპარაკეთა ჯგუფი, რომელმაც მისივე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სექსუალური უმცირესობების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლა უმთავრეს მისიად და ამოცანად გამოაცხადა და მთელი თავისი სამობილიზაციო პოტენციალის დემონსტრირება ამ ფერადი ადამიანებისა და მათთან სოლიდარული დასავლური დიპლომატიური კორპუსის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა.

და ეს ხდება ზუსტად იმ თარიღის ფონზე, რომელიც საერთო ეროვნული თანხმობის, ხსოვნის და გამარჯვების დღედ უნდა აღინიშნებოდეს. 2 ივლისი საქართველოში, ქაღალდზე, არამარტო ტამიშის ბრძოლის წლისთავი, არამედ, აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღე იყო.


close დახურვა