"საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც პირველი დაამარცხებს კოვიდს! პირველი მიიღებს ტურისტებს! სადაც პირველი შემოვა ვაქცინა!" - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია განცხადებებისა, რითაც იწონებდნენ და გვაწონებდნენ თავს ოცნების ლიდერები თუ მუშკეტერები. არადა პირიქით მოხდა: საქართველო დღეს პირველი კი არა - მაჩანჩალაა. ქვეყანაა, რომელმაც კოვიდი კი ვერ დაამარცხა, არამედ კოვიდმა დაამარცხა ჩვენი ისედაც დამარცხებული ეკონომიკა. საქართველო სამწუხაროდ, მართლაც გახდა მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერი, თუმცა არა ვაქცინაციის, არამედ კოვიდ სიკვდილიანობის მაჩვენებლით. ოცნების ხელისუფლების გადამკიდე უკვე კარგა ხანია აღარ გვიკვირს, რომ საქართველო ერთი პატარა ქვეყანაა, რომელსაც ამბიციაც კი არ უნდა ჰქონდეს - რამეში ლიდერი იყოს. თუმცა, მმართველი გუნდი თავისსავე რეკორდს ხსნის და ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების გაკვირვებას კვლავაც ახერხებს:
იძებნება 5 ათასი დოზა ასტრაზენეკა... ხელისუფლება დანაკლისს მომწოდებლებს აბრალებს. აბა იმას ხომ არ იტყვიან, რომ ეს 5000 დოზა ქართულ-ჯიგრულ პონტში, მათთან დაახლოვებულებს, მეგობრებსა და ნათესავებს დაარჭეს. სიმართლეს როგორც ყოველთვის გამოძიება დაადგენს, თუ ოდესმე დასრულდება. მანამდე კი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი ვაქცინის მეორე დოზას უშედეგოდ ელის, მათ შორისაა დედაჩემიც.
არადა როდესაც პირველი დოზით ავცერით, სპეციალისტებმა გვირჩიეს მეტი ეფექტურობისთვის მეორე დოზა 12 კვირის შუალედში, რაც შეიძლება გვიან გაგვეკეთებინა. ერთი კი გავიფიქრე: - რომ გაუთავდეთ ვაქცინები? თუმცა თავი მალევე დავიმშვიდე, ასეთი ღრმა სიშტერე როგორ მოუვათ. ვაქცინების რაოდენობას 2-ზე გაყოფენ და პირველ აცრას შესაბამისი რაოდენობის ადამიანს ჩაუტარებენ მეთქი... ვცდებოდი... ზუსტად ის მოხდა, რაც გავიფიქრე, მაგრამ ვერ დავიჯერე. თუმცა, კიდევ უფრო დიდი პარადოქსია ის, თუ როგორ შეეცადა ჯანდაცვის სამინისტრო ვითარებიდან გამოძრომას.
ჯერ იყოდა და ბოდიში მოიხადეს: ნუ მოხვალთ, ტექნიკური შეფერხებაა, რამდენიმე დღეში გავასწორებთ და თავად დაგიკავშირდებითო. შემდეგ აღიარეს ვაქცინის დანაკლისი და ასტრა ზენეკათი აცრილებს მეორე დოზად ჩინური სინოფარმი თუ სინოვაკი შესთავაზეს. ეს ალბათ ქართული ექსპერიმენტის მცდელობა იყო. ლუდი და არაყი თუ გონიათ და “ჩაკიდულს” აკეთებდნენ ჩვენს ორგანიზმში არ ვიცი. მერე თქვეს: არა, როგორ გეკადრებათ, სინოფარმსა და სინოვაკს ასტრაზენეკას მეორე დოზის ნაცვლად კი არა პირველი დოზის ალტერნატივად გთავაზობთო. თუ ასეა მით უარესი….
არ მიყვარს ეს სიტყვა და საჯაროდ არც არასოდეს მიხმარია, მაგრამ რას ნიშანვს "ქოცის" ფენომენი? არაერთს უკითხავს და მეც ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე და აი პასუხი და ცოცხალი მაგალითიც: ვინც ვერ დათვალა დოზები და ორზე ვერ გაყო; ან ვინც ხალხი მანამდე დაარეგისტრირა, ვიდრე ვაქცინების შესაბამის რაოდენობას მიიღებდა; ან ვინც სხვებისთვის განკუთვნილი დოზები მეგობრებს და ახლობლებს გაუნაწილა; ისინიც, რომლებმაც იოლი გამოსავალი მოძებნეს და ასტრაზენეკას ნაცვლად ჩინური ვაქცინები შემოგვთავაზეს. მოკლედ ეს ყველაფერი ერთად და ცალცალკე წარმოადგენს ქოცურ ფენომენს და სწორედ ეს ხალხი მართავს ქვეყანას, ქოცურად.
ბევრი, მათ შორის ოცნების წევრები თუ მხარდამჭერები თავს იმშვიდებენ ალბათ: რა მნიშვნელობა აქვს სადაც წავიდა ის 5000 ათასი დოზა, მთავარია რომ კომენდანტის საათი მოიხსნა, პირბადეს აღარ ვატარებთ და ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდებითო. ესეც ქოცური მართვაა, კოვიდის მართვის ქართული ნოუჰაუ: რეგულაციები მცირდება, აცრების ტემპი კიდევ უფრო მცირდება…რის იმედად? გასაოცარია. ვაძლიერებთ ლოცვებს!!! - ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, ამას ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს.
მარტო ჩვენ კი არა, დასავლელი პარტნიორების გაოცებასაც ბოლო არ უჩანს და ეს მხოლოდ კოვიდს აღარ ეხება. იგივე ხდება სახელმწიფოსა თუ სხვა ინსტიტუტების მართვის თითქმის ყველა რგოლში. და სადაც ჯერ არ ხდება ალბათ მალე მოხდება. ამერიკის ელჩს სასამართლოს დამოუკიდებლობის უპრეცედენტო გაგებით ვაოცებთ, სადაც კლანი მეფობს და მამები შვილებს მოსამართლეებად ნიშნავენ; ევროკავშირს ქართული დემოკრატიის ხარისხით და შარლ მიშელის დოკუმენტის ქოცურად შესრულებით; უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოს აღარ ეკარებიან, ეკონომიკაზე მომჯდარი ბიძინას მინიგარქებით და გაყვლეფილ და ღატაკ ქვეყანაში სსიპ-ებისა და აიპ-ების რაოდენობით, სადაც მმართველი გუნდის ლიდერები მეგობრებს, ნათესავებს თუ პარტაქტივს ასაქმებენ. ოკუპანტიც კი გააოცეს საკუთარი უმოქმედობითა და უსუსურობით, და რა გასაკვირია, რომ გახელაძე და ბესტაევი დღემდე ცხინვალის ციხეში არიან.
ქოცი კი თავს იმშვიდებს, ხელისუფლება არწმუნებს და ჯერა, რომ ეს ყველაფერი ნაცების ბრალია, ბოროტი და კრიმინალი ნაცების, რომლებიც სიცრუით, ფეიკ-ნიუსებით და კრიტიკული ტელევიზიებით ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. ის 5000 ასტრაზენეკას დოზაც ხომ უფრო მეტად ნაცებს შეხვდებოდათ, თვალსა და ხელს შუა რომ არ გამქრალიყო. ახლა კი დიდი ალბათობით ნაცნობ-მეგობრობით ქოცებს დაარჭეს. და ასე იფიქრებენ მანამ, სანამ ქოც-მთავრობას ისინი აღარ დასჭირდება, მათაც გახარიასავით არ გააკულაკებს, ხახამშრალს დატოვებს და მათ სიკეთეებს ახალ ქოც-აქტივისტებს გადაუნაწილებს. კომენტდანტის საათი და პირბადე კი, რისი გაუქმებაც დღეს უდიდეს მიღწევად მიაჩნიათ, ქოცმმართველობის პირობებში, მალევე, მეოთხე ტალღის დადგომისთანავე დაბრუნდება.