logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: „უხილავი ხელი“ გახარიას თავზე

09 ივნ 202120:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/09/0uhpotejkbn87jp.jpg

ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდა, უფრო სწორად - არც არასდროს წასულა. "უხილავი ხელის“ არსებობა თავად გახარიამ დაადასტურა. როცა მას, როგორც პრემიერს, მელიას საკითხში მინისტრთა კაბინეტი აღარ დაემორჩილა, გახარიამ სწორედ ამ "უხილავ ხელთან" სცადა დაკავშირება იმის გასარკვევად, ეს ყველაფერი კობახიძის "დამპლური თამაშები” იყო თუ მისი.

დუმილმა გახარიას კარზე მიანიშნა. პრემიერი სხვა წინამორბედებისგან განსხვავებით ხმაურით წავიდა და შემდეგ კიდევ უფრო დიდი ხმაურით მობრუნდა პოლიტიკაში, რითაც ივანიშვილს მყუდროებაც დაურღვია და შესაძლოა გეგმებიც აურია.

მილიარდერმა გახარიას წინააღმდეგ პირდაპირი ცეცხლი გახსნა. მას გუნდისა და ქვეყნის მოღალატე უწოდა და ღიად მიანიშნა, რომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ გეგმებთან საერთო არაფერი აქვს.

პასუხად გახარიამ კობახიძისა და ოცნების სხვა ლიდერების მისამართით კრიტიკა არ დაიშურა. თუმცა, ივანიშვილს არ შეეხო. ივანიშვილის ასეთი პირდაპირობა და გახარიას უკიდურესი სიფრთხილე ბევრს გაუკვირდა, თუმცა ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს:

ბიძინას ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ოცნების მხრიდან ადგილობრივ არჩევნებში 43%-იანი ბარიერის გადალახვით უნდა მოხდეს. რისთვისაც მთავარი წინაღობა გახარიაა, რადგან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ოცნებისთვის ხმების წართმევის ყველაზე კარგი შანსი სწორედ მას აქვს. ამიტომ, ივანიშვილმა ყოველგვარი ცერემონიის გარეშე იერიში სწორედაც რომ გახარიაზე მიიტანა და ოცნების ამომრჩეველს პირდაპირ უთხრა, რომ ყოფილ პრემიერს ხმა არ მისცეს. 

მილიარდერი ამ სვლით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთის მხრივ, ის გახარიას მაქსიმალურად უმცირებს შანსს, რომ ოცნებას მხარდაჭერა წაართვას, მეორეს მხრივ კი ნიადაგს უქმნის ოპოზიციურ ნიშაში შესაღწევად, იმისთვის, რომ მან ხმები ე.წ. შუაშისტ პოლიტიკურ ძალებს, ლელოს, აღმაშენებელს და ევროპულ საქართველოს გაუყოს. თუ ოცნება 43%-იან ბარიერს წარმატებით გადალახავს, გახარია კი ბარიერს მიღმა დარჩება, ეს ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების და გახარიას პოლიტიკიდან გაცილების ყველაზე მარტივი გზა იქნება. ხოლო თუ ყოფილი პრემიერი მაინც გადარჩება ოპოზიცური ხმების ხარჯზე, მაშინ ის მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად ღირებული აქტივი იქნება ივანიშვილისთვის, ვიდრე ოცნების ხმებით ნაკვები გახარია.

თავის მხრივ გახარია დღეს ორ ცეცხლს შუაა. ივანიშვილის მხრიდან ღია კრიტიკის შემდეგ, მისი მისამართით ტალახის ნაიღვარი უკვე დაიძრა. ხვალ და ზეგ მეწყერად იქცევა. თუ ის ბიძინას საკადრის პასუხს არ გასცემს და მხოლოდ კობახიძე-მდინარაძისთვის კურდღლების ძახილით შემოიფარგლება, ეს ოპოზიციურ ნიშაში დასამკვიდრებლად საკმარისი ნამდვილად არ იქნება.

და თუ ივანიშვილზე მიიტანს იერიშს, მას ოცნების, თუნდაც ყოფილი მხარდამჭერების მიმხრობა გაუძნელდება. გახარიასთვის ყველაზე უარესი მაინც ის იქნება, თუ ის ივანიშვილისთვის მეორე ლოყის მიშვერას და ქვეყნის მოღალატის იარლიყის შეზელას გააგრძელებს, რაც მის სიმწრით ნაშენებ "ძლიერი ხელის მქონე სახელმწიფო მოღვაწის იმიჯს" მარტივად დაასრულებს, რომელსაც გადადგომის საბაბად მელიას აყვანის ოპერაციაზე თავშეკავების დასახელებით ისედაც წყალი შეუყენა.

"მარჯვნივ წახვალ ინანებ, მარცხნივ წახვალ მაინც ინანებო". ხშირად ასეა პოლიტიკაშიც, სადაც იდეალური გადაწყვეტილებები არ არსებობს და რა გზასაც არ უნდა დაადგეს გახარია ყველა შემთხვევაში რაღაცას დაკარგავს. თუმცა, თუ ის "არავის წინააღმდეგ" იქნება, როგორც პოლიტიკურ მოედანზე გამოსვლისას დააანონსა, მაშინ თავს დაკარგავს, რადგან სხვები აუცილებლად იქნებიან მის წინაღმდეგ. ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს: გახარიამ საკუთარი პოლიტიკური ნიშა ბრძოლით უნდა მოიპოვოს, მათ შორის ივანიშვილთანაც. ამიტომ "უხილავ ხელს” დროულად უნდა დაარქვას სახელი, პედესტალიდან მიწაზე ჩამოიყვანოს არაფორმალური მმართველი და გასაგებად აუხსნას ამომრჩეველს, თუ როგორ და რატომ გახდა ერთ დროს ღმერთკაცი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, "უხილავი ხელი" დამოკლეს მახვილივით დიდხანს ეკიდება ყოფილი პრემიერის თავზე და მასზევე იქნება დამოკიდებული, საბოლოოდ როდის მოუსწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს.


close დახურვა