logo
ENG



გიორგი მარგველაშვილი: ლავროვის არ შემოშვება საქართველოში შეიძლება საშიში იყოს

28 იან 202022:54
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში არა ჩვენი მოწვევით არამედ ევროპელი პარტნიორების დელეგაციის მოპატიჟებით ჩამოდის. სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა ის საქართველოში უნდა შემოუშვას რადგან, ლავროვის აქ ვიზიტის დროს ყველა ევროპული ტელეარხი იქნება ჩვენზე ფოკუსირებული. ეს კი ქართველ ხალხს შესაძლებლობას აძლევს ევროპას ცივილიზებულად აჩვენოს რამდენად მიუღებელია ოკუპაცია ქართველებისათვის.

მისივე განცხადებით, ლავროვის არ შემოშვებით ჩვენ შეიშლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი ვინც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ.

„რთული თემაა და ნებისმიერ ასეთ პოლიტიკურ თემას აქვს რამდენიმე შემადგენელი. ერთი არის ემოციური. ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტუმარი. ის საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მხარის მოპატიჟებით კი არ არის, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დელეგაციის მოპატიჟებით ჩამოდის საქართველოში. ამ დროს ჩვენ ვდგებით რეალობის წინაშე - რა უნდა იყოს განმსაზღვრელი შენთვის. შენი ემოცია, თუნდაც შენი რაღაც აღშფოთება თუ რა. ასეთ მომენტში ჩემთვის ყოველთვის იყო ეროვნული ინტერესები. ლავროვის არ შემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? და გეტყვით, რომ კი იმიტომ, რომ ლავროვის არ შემოშვებით ჩვენ შეიშლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი ვინც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ, ისინი ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. ისინი შეიძლება გაღიზიანდნენ და საქართველოს შესახებ ნეგატიური პიარი წავიდეს სწორედ ჩვენს პარტნიორებს შორის. მეორე მომენტია ლავროვის არ შემოშვებით რა შეიძლება მოვიგოთ - ჩვენ მოვიგებთ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. შეიძლება ჩვენზე თქვან, რომ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები. ლავროვის ჩამოსვლა შესაძლებლობასაც გვაძლევს. ლავროვის აქ ვიზიტის დროს ყველა ევროპული ტელეარხი იქნება ჩვენზე ფოკუსირებული. ლავროვის ჩამოსვლას ქართული საზოგადოება შეხვდება მიუღებლობით. აი ამ მიუღებლობის ისეთ დონეზე აყვანა, ისე ცივილიზებულად გამოჩენა და წარმოჩინება ჩვენი ევროპელი მაყურებლის წინაშე მნიშვნელოვანია. აი ამის ჩვენება მნიშვნელოვანია, რომ მათ გაიგონ ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა ანგარიშს გიწევთ და გიჩვენებთ რამდენად მიუღებელია ეს ჩვენთვის. ჩემი აზრით ეს იქნებოდა ჩემი სცენარი იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მე მთელ მსოფლიოს დავანახებდი ოკუპაცია რამდენად მიუღებელია ქართველებისთვის,“  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში შესაძლოა, საქართველოს ეწვიოს.

საქართველო - როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს. მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან.

2019 წელს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ შეხვედრას სერგეი ლავროვი ესწრებოდა.


close დახურვა