logo
ENG



გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება - ხმაური სასამართლო სხდომაზე

20 მაი 202013:53
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ბრალდებულსა და პროკურორს შორის - საქმის პროკურორმა გააპროტესტა გიორგი რურუას კითხვა ერთ-ერთი მოწმისადმი. შედეგად მოსამართლემ ორივე მხარეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

„დღეს შეიცვალა პროკურორი, რომელიც იყო აგრესიულად განწყობილი, იუზრდელა, დაგვიწყო დაცვის მხარეს ყვირილი და ამას მოჰყვა დაძაბულობა დარბაზში. პროკურორებს ავიწყდებათ, რომ ეთიკურად მოიქცნენ დარბაზში იმის ფონზე, რომ პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს გიორგი რურუას და ეს პროკურორები არანაკლებ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე ის პოლიციელები", - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.

საქმის პროკურორი კი მომხდარში გიორგი რურუას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხმაური გიორგი რურუას მხრიდან მოწმეების დისკრედიტაციას მოჰყვა.

„ბატონი გიორგი რურუა ცდილობს პროცესების მიმდინარეობისას მოახდინოს მოწმეების დისკრედიტაცია, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ამან გამოიწვია მომხდარი", - ამბობს პროკურორი.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების ოთხი მოწმე - ის ექსპერტები და პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც  რურუას მანქანის ჩხრეკა ჩაატარეს.

„მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეც. პაკეტით, ჩხრეკის და დაკავების დროს ექსპერტები არ დაისწრო გამოძიებამ. შეფუთეს სპეციალური მრავალჯერადი ლუქით, რომლის გახსნაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, იარაღზე მანიპულირება, დნმ-ის დატანა. ექსპერტები მხოლოდ შტრიხკოდიანი პაკეტებით ლუქავენ მტკიცებულებებს", - აცხადებს შალვა შავგულიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა - პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.


close დახურვა