თელავის რაიონულმა სასამართლომ Agarani Estate-ში ქორწილის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ მიიღო. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სასამართლო სხდომაზე მხარეებმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელეს. პროკურატურა ითხოვდა 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე მხოლოდ არასაპატიმრო გირაოს გამოყენებასა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა.
პროკურორმა ბექა ნათელაურმა განაცხადა, რომ გირაო აუცილებელი იყო, რადგან არსებობდა როგორც მიმალვის, ისე შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. მისი განმარტებით, გიორგი ჭიღლაძე დაზარალებულების ნომერში უნებართვოდ ავიდა და ერთ-ერთ სტუმარს ჯერ მხრის, შემდეგ კი სახის არეში დაარტყა. პროკურორის თქმით, დაზარალებულმა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო.
დაცვის მხარემ ეს არგუმენტები უარყო და აღნიშნა, რომ ბრალდებული გამოძიებას დაკავების პირველივე საათებიდან თანამშრომლობდა და მიმალვას არ აპირებდა. ადვოკატების განცხადებით, ისინი ეთანხმებოდნენ გირაოს გამოყენებას, თუმცა საპატიმრო ღონისძიების გარეშე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ 5000-ლარიანი გირაოს გადახდის მზადყოფნა თავად სასტუმრომ გამოთქვა.
სხდომის დაწყებისას მოსამართლემ ბრალდებულს კისერზე არსებული დაზიანების შესახებ ჰკითხა და დაინტერესდა, ხომ არ იყო ის სამართალდამცავების მხრიდან მიყენებული. გიორგი ჭიღლაძემ აღნიშნული უარყო. ბრალის აღიარების საკითხზე კი მისმა ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას ეთანხმება.
ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, რუსმა ტურისტებმა სასტუმროს აივნიდან ქორწილის სტუმრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი გადაასხეს მუსიკალურ აპარატურას. ამის შემდეგ, ბრალდების ვერსიით, გიორგი ჭიღლაძემ ერთ-ერთ ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. თავის მხრივ, თავად ჭიღლაძეც აცხადებს, რომ ყელის არეში დაზიანება მიიღო.
მომხდარის შემდეგ სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
