გლდანის ერთ-ერთ უბანზე ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერდა.
საარჩევნო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც ადგილზე მოძრაობა დროას წარმომადგენელმა, შუშანა მაცაბერიძემ საჩივრის დაწერა მოითხოვა, კომისიის წევრებმა კი საჩივარი არ დაარეგისტრირეს. დაპირისპირების შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა.
"3 წუთი ვცდილობდი, რომ საჩივარი დაერეგისტრირებინათ. სანამ ფორმულას, მთავარის და ტვ პირველის კამერები არ ჩაერთო, კომისიის თავმჯდომარე მიმტკიცებდა, რომ არ მაქვს საჩივრის დაწერის უფლება. ახლა, როცა ამდენი კამერა აქ არის, მეუბნებიან, რომ მაქვს. ვპირდები, რომ ყველა დარღვევას დღეს და შემდეგაც გავაშუქებ და ყველა გაიგებს ამის შესახებ". - თქვა შუშანა მაცაბერიძემ.
კომისიის ერთ-ერთი წევრის თქმით, თავმჯდომარემ საჩივარი ხელნაწერის გამო ვერ წაიკითხა.
"და გვთხოვა, ხმამაღლა წამიკითხეთო. მეტი არაფერი ყოფილა". - თქვა მან.
პოლიციელებმა თქვეს, რომ ჟურნალისტები ხელს უშლიან საარჩევნო პროცესს, ამიტომ ისინი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს.