logo
ENG



გოლეთიანი: დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდანაც მოდის თანხები - 25 000 სცენაში დავხარჯეთ

27 მაი 202115:54
3 წუთის საკითხავი
 
გოლეთიანი: დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდანაც მოდის თანხები - 25 000 სცენაში დავხარჯეთ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

რიონის ხეობის მცველების ლიდერი ვარლამ გოლეთიანი გამოდის ინიციატივით, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით წყაროები გასაჯაროვდეს.

გოლეთიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე არა ერთი კითხვა დაისვა, რის შემდეგაც საორგანიზაციო ჯგუფმა დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება გადაწყვიტა. თუმცა, გოლეთიანის თქმით, ანალოგიური ინტერესი სხვა ორგანიზაციებისა და მათ შორის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიმართაც არსებობს. 

"არსებობს ინტერესი დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით - დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდანაც მოდის ეს თანხები. თუმცა, აქამდეც ვამბობთ, რომ ესენი არიან ემიგრანტები და ჩვენი თანამოქალაქეები. ეს დასაბუთდება, როცა ამ ყველაფერს გავასაჯაროებთ. შემდეგ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ამ ნარატივის ავტორი, საიდან ფინანსდებიანო, რომ თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ დავიწყებთ ამას და შემდეგ ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა ადამიანებმა გაასაჯაროოს", - ამბობს გოლეთიანი. 

რაც შეეხება თბილისში ჩატარებული აქციების ხარჯებს, გოლეთიანი ამბობს, რომ ტრანსპორტირებასა და საკვებზე თანხის დახარჯვა არ მოუწიათ, ხოლო სცენა, რომელიც იქირავეს, დაახლოებით 25 ათასი ლარი დაჯდა. 

"ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით პირველი და დაველოდებით სხვები როდის გაასაჯაროებენ ფინანსებს. ამას ისე გავასაჯაროებთ, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. როცა 10 და 5 ლარს რიცხავს ადამიანი, ხვდებით, რომ ეს არის რიგითი ადამიანის ჩარიცხული და არა ჯორჯ სოროსის ამას ყველა ვხვდებით. სცენა დაახლოებით 25 ათასი დაჯდა ჯამში. კვებაში, ტრანსპორტირებაში თანხა არ გადაგვიხდია", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. 

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს მიმდინარე აქციაზე, გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათ მოძრაობას ემიგრანტები უჭერენ მხარს და სწორედ მათგან აქვთ ფინანსები. 

დაფინანსებაზე ალაპარაკდა ასევე ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც, თუკი რიონის ხეობის მცველები საზოგადოებას დაფინანსებაზე ინფორმაციას არ მიაწვდიან, ეს "მათი ვალია". მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ფინანსებთან დაკავშირებით.

 

 

 


close დახურვა