შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოპოზიციამ "კეთილი უნდა ინებოს" და პარლამენტში შევიდეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყნისთვის არის ეს ფაქტი ცუდი და მნიშვნელობა არ აქვს - კონკრეტულად გომელაური პარლამენტში ოპოზიციის არყოფნით კომფორტულადაა თუ არა.
"ძალიან ცუდია პირველ რიგში ქვეყნისთვის. მე ახლა კომფორტულად ვიჯექი შიგნით თუ დისკომფროტს ვგრძნობდი, ეს სხვა თემაა, ქვეყნისთვისაა ძალიან ცუდი და ამ ხალხმა კეთილი უნდა ინებოს, ხმა რომ მისცა მოსახლეობამ, უნდა მობრძანდნენ, დაიკავონ სკამები და იმუშაონ, გააკეთონ ის, რაც მათმა ამომრჩეველმა დაავალა, ეს არის დისკომფორტი და არა ის, გომელაური შიგნით კომფორტულად იჯდა თუ დისკომფროტით", - თქვა მან.
ყველა ოპოზიციური პარტია ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს, მათმა უმრავლესობამ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ისინი ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.