გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას, 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა.
ექიმის, გიორგი გივიაშვილის თქმით, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„კლინიკაში შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი მხრის არტერიის დაზიანებით. გაკეთდა ოპერაციული ჩარევა, მხრის არტერიის პლასტიკა. ოპერაცია დასრულდა და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი“, - განაცხადა გივიაშვილმა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, ორივე პირი, რომელთა შორისაც უთანხმოება მოხდა, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე გახსნილია და ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.