გორში, კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული დააკავა.
უწყების განმარტებით, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ქალაქ გორში, მოქალაქეს ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
