logo
ENG



გოცირიძე: ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ, სანამ რურუა არ გათავისუფლდება

21 ივნ 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი სრულდება, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს მეორე - პოლიტპატიმრების საკითხი, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია.

დეპუტატის თქმით, სანამ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაშია, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს და ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„მივესალმები დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან კარგი, ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა შესრულებული, მაგრამ არის მეორე ნაწილიც. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ ჩვენი მოთხოვნებისა და ვიცავთ თანმიმდევრულად ჩვენს პოზიციებს. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და დავუჭერთ მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს, თუკი გათავისუფლებული იქნებიან პოლიტიკური პატიმრები და ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში დასრულდება პოლიტიკური დევნა. ჩვენ პატივს ვცემთ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომლებმაც დააზღვიეს ეს პროცესი და არ მისცეს ივანიშვილის მისი მორიგი ტრიუკის გათამაშების შესაძლებლობა. ველოდებით მოთხოვნების შესრულებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს შეთანხმება სრულყოფილად“, - განაცხადა გოცირიძემ.


close დახურვა