logo
ENG



გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: დავუჭერთ მხარს თუ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება

01 ივნ 202008:54
3 წუთის საკითხავი
clock 281

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა  იწყება. დაგეგმილია ორი საერთო სახალხო განხილვა. პირველი საკონსტიტუციო კომისიის სხდომა, რომელიც შეცვლილი ფორმატით ჩატარდება 4 ივნისს არის დაგეგმილი, განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გავა. ამის შემდეგ პროცესი  საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, ბიუროს სხდომას გაივლის, რის შემდეგაც საკითხის განხილვა საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 21 ივნისსაა ჩანიშნული.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, თუ შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მასში მონაწილეობას და დავუჭერთ მხარს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული. ეს გავიმეორეთ არა ერთხელ და იცის ყველამ - მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა და თავად ბიძინა ივანიშვილმაც. ეს იციან საერთაშორისო პარტნიორებმაც. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს თუ შეთანხმება მთლიანად არ შესრულდა“, - აცხადებს გოცირიძე.

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი ლაჩა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ივანიშვილს პოლიტპატიმარი შერჩა, იგივე შეიძლება, განმეორდეს საარჩევნო ვითარებიდან გამომდინარე და ოპოზიციონერი დეპუტატები ციხეში აღმოჩნდნენ.

„ჩვენი მოთხოვნა რჩება კვლავ პრინციპული, რომ მეორე ნაწილიც შესრულდეს - კერძოდ, რურუა იქნეს გათავისუფლებული. ზოგადად, შეწყდეს პოლიტიკური დევნა ქვეყანაში. ვისაც არ ესმის მინდა, ორი რამ დავამატო. აქ არ არის საუბარი ვის ვინ მოსწონს, ან მოსწონს პოლიტიკურად თუ პირადულად. აქ საუბარია, რომ ერთი - იარაღის ან ნარკოტიკის ჩადება არავისთვის შეიძლება და თუ ივანიშვილს პოლიტპატიმარი შერჩა რურუას სახით, ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ციხეში აღმოჩნდეს“, - აღნიშნავს ჩხარტიშვილი.

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის ანზორ ბიწაძის განცხადებით, ხელისუფლება 11 კონგრესმენის წინააღმდეგ ვერ წავა და შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება.

„ძალიან კარგად იცოდა ხელისუფლებამ, როდესაც შეთანხმებაზე მიდიოდა, ის გვარები და სახელები, რომლებიც საუბარი იყო. დარწმუნებულებუ ვართ, რომ ხელისუფლებას ბოლომდე მოუწოვეს ამ შეთანხმების შესრულება. გათავისუფლებული იქნება მესამე პატიმარიც და შესრულებული იქნება საკონსტიტუციო რეფორმის დაპირებაც. ხელისუფლებამ, რომლის წინააღმდეგაც 11 კონგრესმენი ითხოვს სანქციებს, შეუძლებელია, მოახერხოს მთელი მსოფლიოს გადაგდება“, - აღნიშნა ბიწაძემ.

8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დადებულ ხელშეკრულებით, ხელისუფლება და  ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე საარჩევნო სისტემით ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. 


close დახურვა