„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხალხი განაჩენს გამოუტანს.
„არავის შერჩება ეს ძალადობა. ყველა დაისჯება კანონის ძალით. ქართული ოცნების ხელისუფლება დამთავრებულია და ხალხი გამოუტანს განაჩენს ამ კრიმინალებს, მოძალადე რეჟიმს. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა ოპოზიციის წინააღმდეგ. თქვენ პარლამენტში მოისმინეთ სახალხო დამცველის მოხსენება ციხეში კრიმინალური სამყაროს დაბრუნების შესახებ, რომ ქურდული ურთიერთობა აღდგა ციხეში. კრიმინალი მაშინ ბრუნდება ციხეში, როდესაც კრიმინალია ხელისუფლებაში. მეორე, დღეს ჩვენს დეპუტატს თავს დაესხა ბანდა, გუშინ სახალხო დამცველს თავს დაესხა იუსტიციის მინისტრი. ის იყო პოლიტიკური და დღეს აქ არის ფიზიკური ანგარიშსწორება“, - აცხადებს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი სცემეს.