მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადება შსს-ს მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. საუბარია გუშინდელ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩალაგაშვილმა იმ პოლიციელების ვინაობა და პირადი მონაცემები გაასაჯაროვა, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე დააკავეს.
ჩალაგაშვილი ამტკიცებს, რომ კოშაძეს იარაღი "ჩაუდეს," ამაზე კი ექსპერტიზის დასკვნა მეტყველებს, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, იარაღზე კოშაძის დნმ-ი არ აღმოჩნდა.
"კოშაძეს ჩაუდეს იარაღი და დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ოქრუაშვილის ახლო მეგობარია, ოჯახის წევრი და მტკივნეული წერტილი მისთვის. ეს იქნებოდა სავაჭრო თემა, ასე ვთქვათ წიხლის დაჭერა ირაკლი ოქრუაშვილზე, მისი შეშინება რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში. თუ ორშაბათ საღამომდე ეს თემა არ იქნება მოგვარებული და არ იქნება პირობა, რომ კობა დროულად გათავისუფლდება, მინიმუმ 7 ნოემბრისთვის, როცა მისი სასამართლო პროცესია, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის ამ ადამიანების სახელები და გვარები,-"აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.