გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, მიესალმება. ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუტერეში მხარეებს მოუწოდებს, სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რათა ახლო აღმოსავლეთში მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევა გახდეს შესაძლებელი.
გენერალური მდივნის პრესსპიკერის თქმით, გუტერეშმა ასევე მადლობა გადაუხადა პაკისტანი-ს და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შეთანხმების მიღწევაში და დაძაბულობის შემცირების პროცესში.
აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა საპასუხოდ გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიო ენერგობაზარზე კრიზისი და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.
მარტის განმავლობაში აშშ-მა ოპერაცია „Epic Fury-ს“ ფარგლებში ირანის სამხედრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დაბომბა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე სარაკეტო კონტრდარტყმები მოჰყვა. კრიზისმა პიკს აპრილის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ვითარება პაკისტანის აქტიური შუამავლობით გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.
