logo
ENG



დავითგარეჯის საქმის ფიგურანტმა დავით ხიდაშელმა საქართველოს ჭავჭავაძეების ხმალი გადასცა

06 სექ 202119:54
3 წუთის საკითხავი
 
დავითგარეჯის საქმის ფიგურანტმა დავით ხიდაშელმა საქართველოს ჭავჭავაძეების ხმალი გადასცა

რუსეთში მომუშავე ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა, რომელიც კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტია, საქართველოს სახელმწიფოს ჭავჭავაძეების ხმალი გადასცა. 

თეა წულუკიანმა ხიდაშელთან ერთად ბრიფინგი კულტურის სამინისტროში დღეს, 6 სექტემბერს გამართა. 

ბიზნესმენმა თქვა, რომ ხმალი მან ბელგიის აუქციონზე შეიძინა, "რათა ის სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია".

თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს "ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის" მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ექსპონატს კულტურის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაუდებს ბინას. 

"საქმე გვაქვს უნიკალურ ექსპონატთან და ჩვენი მუზეუმებისთვის დიდ შენაძენთან, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება. 

ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს". - თქვა წულუკიანმა. 

კარტოგრაფების საქმე

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

უწყება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერუტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა.

ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

მელაშვილი და ილიჩოვა 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს. 


close დახურვა