logo
ENG



დავითულიანი: ხაბეიშვილს დიდი ხანია კოლეგად არ ვთვლი

27 იან 202013:47
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს დატოვებას სამწუხაროს უწოდებს.

ტყემალაძე საკრებულოში დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებას თხოვს.

„სამწუხაროა, თუ ისინი დატოვებენ ევროსაბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრობას. რაც შეეხება მათ მომავალ მოქმედებებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ თბილისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება. ამავდროულად, ხდება სიტყვიერი შეურაცხყოფა. მინდა, ორივე მხარეს ვთხოვო მაქსიმალურად ყველას მხრიდან იყოს თავშეკავება“, - აცხადებს ტყემალაძე.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი კი აცხადებს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს დიდი ხანია არ თვლის კოლეგად.

„მოხდა სამწუხარო ინციდენტი როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში. მე მგონია, რომ ნამდვილად, არ არის ნორმალური როდესაც პოლიტიკური პროცესები დედის გინების ველში გადადის. მიუხედავად ამისა, სამართლებრივად ყველა ხმარე გამოკითხულია. მიეცემა სამართლებრივი შეფასება ფაქტს. ლევანს დიდი ხანია კოლეგად არ ვთვლი, რადგან ყოველდღე შეურაცხყოფას გვაყენებს, მაგრამ ძაღლის ნაწილის სასაცილოა. ჩემი ძაღლი იმდენ ადამიანს მირჩევნია, ვერ წარმოიდგენთ“, - განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებენ. ამის შესახებ მათ სპეციალური ბრიფინგიც გამართეს. ოპოზიციონერი დეპუტატები მათი თანაგუნდელის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს და ამ თემაზე უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ. 

ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო. მას საქმის გამოძიების იმედი არ აქვს.  


close დახურვა