logo
ENG



დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს

22 ივნ 202312:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/22/1sbvzehdo92efky.jpg

დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს. შესაბამისი ბრძანება, რომელიც ფორმულამ მოიპოვა, 20 ივნისით არის დათარიღებული. 

დოკუმენტს მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე აწერს ხელს. ბრძანების თანახმად, ლორთქიფანიძემ ერთი თვის ვადაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს.

გარდა ამისა, მაისში საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მოვლა-პატრონობა-აღდგენის საქმეში სამეცნიერო ხელმძღვანელად დავით ლორთქიფანიძე დანიშნა.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, 2022 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.

წულუკიანი ამტკიცებდა, რომ "მუზეუმი გამოშიგნულია" და ექსპონატები - დაკარგული. მინისტრი აკრიტიკებდა ეროვნული მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძესაც. ეს უკანასკნელი კი ამბობდა, რომ 2005 წლის შემდეგ მუზეუმიდან არც ერთი ნივთი არ დაკარგულა.

კულტურის მინისტრმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობდა. მოგვიანებით, ახალბედაშვილი ეროვნულ მუზეუმში ლორთქიფანიძის პირველი მოადგილეც გახდა.

"რეორგანიზაციის" ფარგლებში გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს. ნაწილმა სასამართლო თეა წულუკიანს უკვე მოუგო.


close დახურვა