logo
ENG



დავით მათიკაშვილის ცოლი უვადო მოსამართლედ დაინიშნა

22 მაი 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

12 ხმით 2-ის წინააღმდეგ - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ ნინო მამულაშვილი განამწესა. მის კანდიდატურას მხარი მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ არ დაუჭირეს. საბჭოს მიერ ნინო მამულაშვილის უვადო მოსამართლედ დანიშვნას იმას უკავშირებენ, რომ კანდიდატი „ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით მათიკაშვილის მეუღლეა. ჯანეზაშვილი და დოლიძე ამტკიცებენ რომ ნინო მამულაშვილმა მოსამართლის მანტიის მოპოვება 2017 წელამდე რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. საბჭოს წევრებისთვის საინტერესოა რა შეიცვალა ნინო მამულაშვილის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მიმართულებით, მას შემდეგ რაც მათიკაშვილი დეპუტატი გახდა.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ადასტურებს, რომ ნინო მამულაშვილს მოსამართლედ დანიშვნაზე უარი ეთქვა, თუმცა ამტკიცებს რომ 2017 წელს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას, დღეს კი უვადოდ მის განწესებას ნეპოტიზმთან კავშირი არ აქვს. საბჭოს მიმართ ანა დოლიძის პრეტენზიებს გიორგი მიქაუტაძე ბრალდებით პასუხობს და აცხადებს, რომ ანა დოლიძემ ნინო მამულაშვილის შეფასებისას უმაღლესი ქულები დაწერა, ახლა კი პოზიცია შეიცვალა. 

ანა დოლიძე გიორგი მიქაუტაძეს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას შეფასების გასაჯაროების უფლება იქამდე არ ჰქონდა, სანამ საბჭო მოსამართლეს კენჭს არ უყრიდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეფასების კომპონენტს კი ფორმალურს უწოდებს. 

დავით მათიკაშვილს, რომლის მეუღლეც დღეს უვადო მოსამართლედ დაინიშნა მედიისთვის არ უპასუხია. დეპუტატმა საჭიროდ არ ჩათვალა განემარტა, აქვს თუ არა ადგილი ნეპოტიზმს. სასამართლო სისტემაში კლანის არსებობაზე დღეს ის დეპუტატები საუბრობდნენ, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რიგები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გამო დატოვეს. ეკა ბესელიას ეჭვი არ ეპარება, რომ კლანის მფარველობის გარეშე ნინო მამულაშვილი მოსამართლედ უვადოდ ვერ დაინიშნებოდა.  

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უვადოდ პირველი ინსტანციის 9 მოსამართლე დანიშნა. მათთან გასაუბრება დისტანციურად ჩატარდა. საბჭოს წევრებმა მხოლოდ ტექნიკური შეკითხვები დასვეს. მათ უმრავლესობას 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და კვალიფიკაციაში ეჭვი არ შეჰპარვია.


close დახურვა