დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რუსთავის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გიორგი ასათიანის გათავისუფლებამ მუმლაძის ოჯახის აღშფოთება გამოიწვია, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს - ზურაბ ჯღარკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საპატიმროში 10 წელს გაატარებენ დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანური, ხოლო დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
შეგახსენებთ, რომ დავით მუმლაძის ცხედარი 2019 წლის 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, მას 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა.
მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 6 პირი იყო დაკავებული. მათგან ხუთი 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ზურაბ ჯღარკავა 2 იანვარს, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.
დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით ედებოდათ: ჯგუფურად უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, აღკვეთაში ხელშეწყობა და განზრახ მკვლელობა.