დამოუკიდებელი დეპუტატები მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერენ.
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის მარიამ ჯაშის განცხადებით, საქმის ირგვლივ საზოგადოებაში ბევრი კითხვებია, რომლებიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.
იმისათვის, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული, ფრაქციის ექვსივე წევრი საქმის მასალების გასაჯაროებას ნებისმიერ ფორმატში მხარს უჭერს.
"ჩვენი პოზიცია არის ნებისმიერი ფორმატის მხარდაჭერა, რომელიც სრულად შეუწყობს ხელს საზოგადოების ინფორმირებულობას მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, თუ კენჭისყრამდე მივა საკითხი, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნას", - განაცხადა ჯაშმა.
"ნაციონალურ მოძრაობას" დადგენილების პროექტი მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტში უკვე ინიცირებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა.