ფრანგული გამოცემა Le Figaro აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: "საქართველო - პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით", რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია მიმოხილული.
გამოცემა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ნაწილია. სტატიის ავტორი ამ პროცესებში რუსეთის როლზეც ამახვილებს ყურადღებას.
"საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაც ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ეს ახალი ეპიზოდია, პოლიტიკური კრიზისის ნაწილი, რომელშიც რუსეთი 2019 წლიდან არის ჩართული.
რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა 3.7 მილიონი ქართველის კეთილგანწყობა, თუმცა ახალი კრიზისი, რომელიც საქართველოში შეიქმნა, მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა. ამ ფაქტმა ქვეყანაში მრავალკვირიანი პროტესტი გამოიწვია", - წერს გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ 20 ივნისის მოვლენების შედეგ პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვება მოუწია, ახლა კი პოსტს გიორგი გახარია ტოვებს.
"ბოლო დღეების განმავლობაში ცეცხლს ნავთი სერგეი გავრილოვმაც შეუნთო. მან მმართველი პარტია შეაქო, რომელიც, მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში გადატრიალება არ მოხდეს. მას შემდეგ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ნიკა მელიას მხარი დაუჭირა და ქართული მართლმსაჯულების სისტემა დაგმო.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მართლმსაჯულება ხშირად არის პოლიტიზებული. ახალი პოლიტიკური კრიზისი კი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. რუსეთმა თავისი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაამყარა მთიანი ყარაბაღში ომის შედეგად. ამ კონფლიქტმა კიდევ ერთ ავტორიტარულ მეზობელს, თურქეთს ასევე პოზიციების გამყარების საშუალება მისცა. საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ოცნების გამარჯვება არ აღიარეს ოპოზიციურმა პარტიებმა და მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.
გუშინ ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად წარადგინა. 38 წლის ფრანგულად მოსაუბრე ღარიბაშვილი 2013-2015 წლებშიც იკავებდა ამ თანამდებობას და ცუდი მოგონებები დატოვა" - წერია სტატიაში.
სტატიის ავტორს ევროპელი დიპლომატის ანონიმური კომენტარიც აქვს თანდართული, რომელშიც ღარიბაშვილი ივანიშვილის მსახურად არის მოხსენიებული.
"მას არ გააჩნია სიმტკიცე", - ამბობს საქართველოს საკითხებში ჩახედილი დასავლელი დიპლომატი Le Figaro-სთან, - "ის მხოლოდ ივანიშვილის მსახურია".