ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი არ ამბობს, დაუჭერს თუ არა მხარს მისი გუნდი მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს. ფორმულას ეთერში ინტერვიუსას იგი არ საუბრობს მათსა და ოპოზიციას, ან მათსა და ქართულ ოცნებას შორის კოალიციის პერსპექტივაზე და ამბობს, რომ აქვთ "კონკრეტული პოზიცია", რასაც საზოგადოება მალე გაიგებს.
"[რომელ მხარეს იქნება პარტია?] - ამას გავიგებთ მალე. პასუხი გვაქვს, საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს ძალიან კონკრეტულ პოზიციას", - ამბობს დაუშვილი.
წამყვანის კითხვაზე, მოუწოდებენ თუ არა რომელიმე პარტიის მხარდაჭერისკენ? - დაუშვილი ისევ იმეორებს: "მარტივად, ჩვენ მივყვებით იმ პროცედურებს რაც გუშინ დავიწყეთ, საჩივრებს და ა.შ... რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამაზე საზოგადოებას ვაცნობებთ უახლოეს დღეებში, ყველაფერს ერთად გავიგებთ".
დაუშვილისგან განსხვავებით, მისივე თანაგუნდელი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ შეექმნა უდიდესი შესაძლებლობა იმის, რომ პრაქტიკულ დონეზე ნაციონალური მოძრაობა დააბრუნოს ხელისუფლებაში, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის გუშინწინდელი დღე, როგორც ქართული ოცნება არის გუშინდელი დღე. თქვენს კითხვაზე ვის დაუჭერთ მხარს, მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ, არც ერთს და არც მეორეს. ეს არის ჩემი სუბიექტური [აზრი]" , - თქვა ქემოკლიძემ TV პირველის ეთერში.
ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, თბილისში მერობის არჩევნების მეორე ტური კახა კალაძესა (44,97%) და ნიკა მელიას (33,98%) შორის გაიმართება. მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია (9,35%) გავიდა.