logo
ENG



დაჭრილი მორაგბე: რაგბის კავშირის განცხადება იწყება ყალბი სოლიდარობით და მთავრდება მუქარით

18 სექ 202021:35
3 წუთის საკითხავი
 

სარაგბო კლუბ "იუნკერების" მოთამაშე რამაზ ხარაზაშვილი გადაცემა "პოლიტმეტრში", რაგბის კავშირში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას ვიცეპრეზიდენტთან და რაგბის კავშირის სხვა "ჩინოვნიკებთან" დაპირისპირება არ ჰქონია. მისივე თქმით, ერთადერთი რასაც ის და საინიციატივო ჯგუფი აკეთებდა, იმ პრობლემებზე საუბარი იყო, რომელიც რაგბის კავშირში არსებობდა.

"რაგბის კავშირის ბოლოდროინდელ მართვასთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაშია, არსებობს აუდიტის დასკვნა, რომელიც ძალიან მძიმეა, გადამდგარია ორი პრეზიდენტი, ვალი არის 6 მილიონამდე დაახლოებით. 2 დღის წინ მოხდა სროლა, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ არასწორ მმართველობაზე და არასწორ მენეჯმენტზე ვისაუბროთ.

რაც შეეხება უშუალოდ დაჭრის ეპიზოდს, მე შეხვედრაზე მივდიოდი, სადაც კლუბები იკრიბებოდნენ, რაგბის კავშირის შესასვლელთან დამხვდა მთვრალი ვიცეპრეზიდენტი, რომელიც გამგეობის თავმჯდომარეს ესაუბრებოდა, დამიძახა, სხვადასხვა კითხვები დამისვა, რომელიც მის პრეზიდენტად გახდომას ეხებოდა. აბსურდული კითხვები იყო, ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა შეხვედრაზე და დავაპირე წამოსვლა. ამ დროს ცინიკურად მომმართა, რომ ვიკითხე რას ნიშნავდა ასეთი მომართვა, პასუხი ვერ გამცა და მესროლა. 

მე მასთან არანაირი დაპირისპირება არ მქონია ისევე, როგორც რაგბის კავშირის არცერთ "ჩინოვნიკთან". რასაც ვაკეთებდით მეც და საინიციატივო ჯგუფი იყო ის, რომ ვსაუბრობდით სიმართლეს", - განაცხადა რამაზ ხარაზაშვილმა.  

მორაგბე საზოგადოებას მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს უხდის. ის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც აფასებს და ამბობს, რომ განცხადება იწყება ყალბი სოლიდარობით და მთავრდება მუქარით.

"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. საზოგადოებას მინდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც რაგბიში ხდება, ბოდიში მოვუხადო. მე ველოდებოდი რაგბის კავშირისგან, რომ სოლიდარობას გამოაცხადებდნენ და დაგმობდნენ ამ საქციელს, თუმცა მათ გაავრცელეს ყალბი განცხადება, რომელიც იწყება ყალბი სოლიდარობით და მთავრდება მუქარით. პასუხისმგებლობას საერთოდ არ იღებენ და საზოგადოებას ისეთი ტონით ესაუბრებიან, რომელიც არ არის მისაღები. რაგბის კავშირი გამოსავლის პოვნას ცდილობს და ვიწრო ინტერესებით გამოდიან", - აცხადებს რამაზ ხარაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც 16 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი დაგმო. მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტები სრულად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს, ღირებულებებს და პრინციპებს.

პროკურატურამ სარაგბო კლუბ "იუნკერების" მოთამაშის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირში შიდა კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოში გამწვავდა.

რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვდა.

მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს.

ერთ-ერთი, ვინც კრიზისზე აქტიურად ლაპარაკობდა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდა, სწორედ რამაზ ხარაზიშვილი იყო. ის აგვისტოში ღიად, მედიით აკრიტიკებდა რაგბის კავშირს.

პარალელურად, პრემიერი გიორგი გახარია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბიში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მეშვეობით, ქართული რაგბი წარმატებით ვითარდება.


close დახურვა