logo
ENG



დახურეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენ თავად გავუმკლავდებით - უკრაინის პირველი ლედის მიმართვა

09 მარ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/h4ufo3ub3olzxb5.jpg

უკრაინის პირველი ლედი მსოფლიო ლიდერებს სთხოვს, უკრაინის ცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღონ, მედიას კი მოუწოდებს, გააგრძელონ უკრაინის შესახებ სიმართლის გაშუქება.

ოლენა ზელენსკა მსოფლიო მედიის მიმართ ღია წერილს აქვეყნებს. ზელენსკა აცხადებს, რომ სწორედ ესაა მისი პასუხი ყველა ინტერვიუს თხოვნაზე.

უკრაინის პირველი ლედის ღია წერილს სრული სახით გთავაზობთ:  

ბოლო პერიოდში, აურაცხელი რაოდენობის მედიასაშუალება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან  ინტერვიუს თხოვნით დამიკავშირდა. ეს წერილი ამ თხოვნებზე ჩემი პასუხი და უკრაინიდან ჩემი ჩვენებაა.

იმის დაჯერება, რაც 1 კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ მოხდა შეუძლებელი იყო. ჩვენი ქვეყანა იყო მშვიდობიანი, ჩვენი ქალაქები და სოფლები კი სიცოცხლით სავსე.

24 თებერვალს ჩვენ ყველამ რუსეთის შემოჭრის განცხადების პირისპირ გავიღვიძეთ. ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადმოკვეთეს, თვითმფრინავები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ, რაკეტის გამშვებებმა ჩვენს ქალაქებს ალყა შემოარტყეს.

მიუხედავად კრემლის მიერ მხარდაჭერილი, პროპაგანდისტული საშუალებების მტკიცებისა, რომ ეს „სპეციალური ოპერაციაა" - ეს, სინამდვილეში, უკრაინის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობაა.

ალბათ, ამ შემოჭრაში ყველაზე საზარელი და დამანგრეველი დაღუპული ბავშვები არიან. 8 წლის ალისი, ვინც დაიღუპა ახტირკის ქუჩებში, როცა ბაბუამისი მის დაცვას ცდილობდა. ან პოლინა კიევიდან, ვინც დაბომბვისას თავის მშობლებთან ერთად დაიღუპა. 14 წლის არსენს თავში ნამსხვრევები მოხვდა, მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა, რადგან ინტენსიური ცეცხლის გამო სასწრაფომ მასთან დროულად მისვლა ვერ შეძლო.

როცა რუსეთი ამბობს, რომ ის "ომს მოქალაქეების წინააღმდეგ არ აწარმოებს", მე უპირველეს ყოვლისა ამ მოკლული ბავშვების სახელებს ვასახელებ.

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ბომბისგან დასაცავ თავშესაფრებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. ალბათ ყველამ იხილეთ ფოტოები კიევისა და ხარკოვის მეტროებიდან, სადაც ადამიანები იატაკზე წვანან, თავის შვილებსა და ცხოველებს გადაფარებულები. ზოგიერთ ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ამ განურჩეველი და მიზანმიმართული დაბომბვისა და საარტილერიო ცეცხლის გამო ოჯახებს დღეების განმავლობაში არ შეუძლიათ თავშესაფრებიდან გამოსვლა.

ომის პირველმა ახალშობილებმა პირველად სარდაფის ბეტონის ჭერი დაინახეს, პირველად მიწისქვეშეთის მძიმე ჰაერი ჩაისუნთქეს, მათ დამწყვდეული და შეშინებული ადამიანები შეეგებნენ. ამ დროისთვის რამდენიმე ათეული ბავშვია, ვისაც მთელი სიცოცხლის მანძილზე მშვიდობა არ უნახავს.

ეს ომი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაა და მათ მხოლოდ ბომბების გამოყენებით არ ებრძვიან.

ზოგიერთი ადამიანს ინტენსიური მზრუნველობა და უწყვეტი მკურნალობა სჭირდება, რასაც ახლა ვერ იღებენ. მარტივია ინსულინის ინექციის გაკეთება სარდაფში? ან ასთმის წამლის შოვნა ინტენსიური ცეცხლის ქვეშ? რომ არაფერი ვთქვათ იმ ათასობით ონკოლოგიურ პაციენტზე, ვისთვისაც გადაუდებელი ქიმიოთერაპია და რადიაციული მკურნალობა ახლა უსასრულოდ გადაიდო.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში სასოწარკვეთას გამოხატავენ. ბევრი ადამიანი, მათ შორის ხანდაზმულები, მძიმე ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მიზანმიმართულად წყვეტენ კომუნიკაციას, რჩებიან შორს საკუთარი ოჯახებისგან, ყველანაირი დახმარების გარეშე. ამ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ომი ორმაგი დანაშაულია.

ჩვენი გზები სავსეა ლტოლვილებით. ჩახედეთ თვალებში ამ დაქანცულ ქალებსა და ბავშვებს, ვინც საყვარელი ადამიანებისა და ნაცნობი ცხოვრების დატოვებით გამოწვეულ ტანჯვასა და გულისტკივილს დაატარებს. კაცები, ვისაც ისინი საზღვრამდე მიჰყავთ ცრემლს ღვრიან, რადგან ოჯახების დაშლა უწევთ, თუმცა მამაცურად უბრუნდებიან თავისუფლებისთვის ბრძოლას. ბოლოს და ბოლოს, მთელი ამ საშინელების მიუხედავად, უკრაინელები არ ნებდებიან.

აგრესორი, პუტინი ფიქრობდა, რომ ის ბლიცკრიგს (ელვისებურ ომს) მოაწყობდა უკრაინაში. მაგრამ მან არასათანადოდ შეაფასა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი. უკრაინელები, მათი პოლიტიკური ხედვების, მშობლიური ენის, რწმენებისა და ეროვნების მიუხედავად უბადლო ერთიანობაში არიან.

მაშინ როცა კრემლის პროპაგანდისტები ტრაბახობდნენ, რომ უკრაინელები მათ, როგორც გადამრჩენებს ყვავილებით შეეგებებოდნენ, უკრაინელებმა ისინი მოლოტოვის კოქტეილებით მოიცილეს.

მე მადლობას ვუხდი იერიშმიტანილი ქალაქების მოსახლეობას, ვინც გაერთიანდა დაშავებულთა დასახმარებლად. მადლობას ვუხდი მათ, ვინც აგრძელებს მუშაობას- აფთიაქებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სოციალურ სამსახურებში - ისინი გვაჩვენებენ, რომ უკრაინაში სიცოცხლე იმარჯვებს.

მე ვაფასებ მათ, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და მადლობას გიხდით უწყვეტი მხარდაჭერისთვის. და ჩვენს მეზობლებს, ვინც გულუხვად გაგვიღო საზღვრები, რათა თავშესაფრით უზრუნველყონ ჩვენი ქალები და ბავშვები. მადლობა, რომ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავთ მაშინ, როცა აგრესორმა ჩვენ ამ უნარისგან გაგვძარცვა.

მივმართავ ყველა იმ ადამიანს დედამიწის გარშემო, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად იკრიბება - ჩვენ გხედავთ. ჩვენ აქ ვართ, გიყურებთ და ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას.

უკრაინას სურს მშვიდობა. მაგრამ უკრაინა დაიცავს თავის საზღვრებს. დაიცავს თავის იდენტობას. ამას ის არასდროს დათმობს.

იმ ქალაქებში, სადაც დაბომბვა გრძელდება, სადაც ხალხი ნანგრევების ქვეშ ხვდება და სარდაფებიდან დღეების განმავლობაში ვერ გამოდის, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო დერეფნები ჰუმანიტარული დახმარებისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილამდე ევაკუაციისთვის. ჩვენ გვჭირდება, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ადამიანებმა ჩვენი ცა დახურონ!

დახურეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენ თავად გავუმკლავდებით.

მოგმართავთ თქვენ, ძვირფასო მედია: გააგრძელეთ იმის ჩვენება თუ რა ხდება აქ, გააგრძელეთ სიმართლის ჩვენება. რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ ინფორმაციულ ომში ყველანაირი სამხილი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

და ამ წერილით მე ვაღიარებ და ვეუბნები სამყაროს: უკრაინაში ომი არაა ომი "სადღაც შორს". ესაა ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს. უკრაინა აჩერებს ძალებს, რომლებიც შესაძლოა ხვალ მოქალაქეების გადარჩენის არგუმენტით ქალაქებს თავს დაესხან.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი საშინელ კოშმარს ჰგავს, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის ეს ის რეალობაა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. და ჩვენ არ ვიცით როდემდე გაგრძელდება ასე. თუ ჩვენ პუტინს, ვინც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, არ შევაჩერებთ, სამყაროში არცერთი ჩვენგანისთვის აღარ იარსებებს უსაფრთხო ადგილი.

ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ერთიანობის გამო, უკრაინის სიყვარულში ერთიანობის გამო. დიდება უკრაინას!


close დახურვა