logo
ENG



დეგნანი: ახლა ვხედავთ შანსს, რომ 30 წლიანი საარჩევნო პრობლემები საბოლოოდ მოგვარდეს

23 დეკ 202022:22
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ ახლა ხედავს შანსს, იმ სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც ბოლო 30 წელია ქართულ არჩევნებს თან სდევს.

"აშკარაა რომ ქართველი ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იგივე სახის დარღვევების ნახვით. მოდით გულახდილები ვიყოთ. თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებდნენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებში", - ამბობს დეგნანი

ელჩის თქმით, ქართველების სურვილია, საარჩევნო რეფორმის განხორციელება და სისტემის სრულფასოვნად გამართვა და სწორედ ამიტომ უჭერდა აშშ მხარს საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, გაზაფხულზეც და ახლაც. 

"ქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ. სურთ რომ შეიცვალოს სისტემა. ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შეერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას, მათ შორის, შარშან ზაფხულშიც, აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახან მიიღეს", - ამბობს დეგნანი

ელჩი აღნიშნავს, რომ ე.წ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული საარჩევნო რეფორმა სრულფასოვნად არ ასახავს ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციებს და ამას ამერიკის საელჩო მუდამ საჯაროდ უსვამდა ხაზს. დეგნანი ამბობს, რომ ახლა ხედავს შანსს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრას, ამისათვის კი, მისი თქმით, საჭიროა პარლამენტის შიგნიდან ბრძოლა. 

"ხმამაღლა გამოვთქვით ისიც, რომ ამ პაკეტში არ იყო შესული ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირმა და სხვა ექსპერტებმა შესთავაზეს. ჩვენ ახლა ვხედავთ შანსს, რომ საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც გამოყვეს ოდირისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი მივიდეს პარლამენტში და იბრძოლოს ცვლილებებისთვის იმ ინსტიტუტების შიგნით, რომლებიც მათ შექმნეს და ააშენეს", - ამბობს დეგნანი

დეგნანი ამბობს, რომ სწორედ იმიტომ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს ბრძოლისათვის ინსტიტუტების გამოყენებისკენ, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ 20 წლის განმავლობაში აშენა. 

"ამიტომ მოვუწოდებთ მათ, როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუტებს, ან როგორი სუსტებიც არ უნდა იყოს ოპოზიციის თვალში, ესაა დემოკრატიული ფორმატი, რომლის აშენებასაც საქართველომ 20 წელი მოანდომა. ამიტომ გვინდა ის გამოიყენოთ, რათა სისტემა უკეთესი გახდეს", - ამბობს ამერიკის ელჩი. 

8 მარტის შეთანხმების საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო რეფორმა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს მიიღო. ახალი შერეული სისტემით ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის პრინციპით ტარდება. სწორედ ამ სისტემით ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც. 

ოპოზიციური პარტიები არჩევნების დასრულების შემდგომ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. მათმა ნაწილმა უკვე ოფიციალურად მიმართა პარლამენტს საარჩევნო სიების ჩახსნისა და მანდატების გაუქმების მოთხოვნით. ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ფასილიტაციით გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიცია ხელისუფლებისგან საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას მოითხოვს. 

 

 


close დახურვა