აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს არჩევნებზე რუსული გავლენის შეფასებისას ამბობს, რომ ეს მოსალოდნელია და ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ამის შესახებ ელჩმა დღეს, პირველ სექტემბერს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა.
"თუკი გადავხედავთ სხვა არჩევნებს, მათ შორის, წლების წინ აშშ-ში ჩატარებულს, აშკარაა, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაიცვას საკუთარი საარჩევნო სისტემა. აშშ და სხვა საერთაშორისო პარტნიორები ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამას, რათა უკეთ გაიაზროს ხალხმა, რა არის დეზინფორმაცია.
პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებს აქვთ ვალდებულება, სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ამომრჩეველი იყოს ინფორმირებული ოქტომბრის არჩევნებზე და შეძლოს თავისუფალ გარემოში, დაშინების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. იმედია, ეს არჩევნები იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა იყო", - ამბობს ელჩი.