logo
ENG



დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

27 თებ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ ზაუტაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე პატიმრობის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორმა განმარტა, რომ პატიმრობის გამოყენებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს, რაც მოსამართლემ გაიზიარა.

„ჩვენი შეფასებით, სამივე საფრთხე, რაც არის პატიმრობის წინაპირობა, არის სახეზე და სასამართლოც დაგვეთანხმა შეფასებაში. ბრალდებული გამოკითხვის ოქმში, რომელის მისი ადვოკატის თანდასწრებით შედგა, ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებებს, ყვება როგორ ჩაიდინა აღნიშნული სავარაუდო დანაშაული“, - განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ.

პროკურატურის შუამდგომლობას ბრალდებულის უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, ადვოკატიც დაეთანხმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრისთვის, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. დაცვის მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობაც დააყენა. ადვოკატი არგუმენტად იმ ფაქტს ასახელებს, რომ სრულწლოვანების მიუხედევად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სკოლის მოსწავლეა.

„დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. უნდა დაინიშნოს ბრალდებულის ექსპერტიზა, მისი მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. მაღალი ალბათობით, მას აქვს ფსიქიკური პრობლემები და აქედან გამომდინარე, ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა პრობლემები როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში, სკოლაში“, - განაცხადა ადვოკატმა.  

შეგახსენებთ, 25 თებერვალს, თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე სასტიკი მკვლელობა მოხდა. 18 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი, პოლიციას მომხდარი ფაქტის შესახებ თავადვე აცნობა. ის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა