logo
ENG



დეკანოიძემ მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

20 სექ 202111:03
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ქუთაისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

მისი თქმით, ამ მთავრობის პირობებში გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ როცა მართლმსაჯულება დამოუკიდებელი გახდება, საქმეებს გამოიძიებენ.

"ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე. მე გულწრფელად მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე არ მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში ეს პროკურატურა, ან სუს-ი, ან შსს გამოძიებს ამ მასიურ, ტოტალურ კონტროლს ადამიანებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოცილდება, მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, გვექნება პროკურატურა, რომელსაც ეყოლება დამოუკიდებელი პროკურორი, ეს ჩემი და ყველას განცხადება, ვინც ამ ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, დარწმუნებული ვარ, იქნება გამოძიებული", - თქვა დეკანოიძემ.

სუს-დან გაჟონილი ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ დეკანოიძესაც უსმენდნენ. ჩანაწერებში დეკანოიძისა და ელჩების საუბარია ასახული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 


close დახურვა