logo
ENG



დეკანოიძე: დადასტურდა, რომ ივანიშვილის გამო, საქართველოში ოლიგარქია და კლეპტოკრატიაა

21 ოქტ 202212:09
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და გარემოცვის სანქციების შესახებ აცხადებს, რომ "შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ არაფორმალური მმართველის წარმომადგენლები, რუს ოლიგარქებთან ერთად მოხვდნენ სიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებასა და ეროვნულ ინტერესებს".

დეკანოიძის თქმით, გუშინ დადასტურდა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გამო არის ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც აქვს როგორც არაფორმალური, ასევე ფორმალური კავშირები რუსეთის ტერორისტულ რეჟიმთან.

დეკანოიძის თქმით, ქართული სახელმწიფო არ არის ბიძინა ივანიშვილი და "ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მის ფინანსურ კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას".

"მინდა, პირველ რიგში გამოვთქვა ძალიან დიდი შეშფოთება და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად საქართველოს მოქალაქეები, არაფორმალური მმართველის უშუალო წარმომადგენლები, ბიზნესინტერესების დამცველები, ბიძინა ივანიშვილის წევრები მოხვდნენ სკაბაევასთან, აბრამოვიჩთან და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იმ სიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს დადასტურდა გუშინაც, რომ საქართველოში ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, რომელსაც აქვს არაფორმალური და მათ შორის ფორმალური კავშირები რუს ტერორისტულ რეჟიმთან, რაც გულისხმობს ასევე იმ ჩანაწერს, რომელიც გამოქვეყნდა - ევტუშენკოვისა და ივანიშვილის საუბარი, არის, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემა, არამედ რეგიონის უსაფრთხოებისთვის პრობლემა და ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი გამოწვევა იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ კავშირები რუსეთთან, რომელიც ევროკავშირის რეზოლუციით, რომელმაც ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი, რუსული რეჟიმი, პუტინის რეჟიმი აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, სახელმწიფოდ და არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეს არის გამოწვევა მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის.

ასევე მინდა ძალიან დიდი გულისტკივილით, მათ შორის ყველაზე აქტუალური დღეს, რაც გუშინ და დღეს მოვისმინე კომენტარები, ქართული ოცნებისთვის საქართველოს სახელმწიფო არ არის მათი სამშობლო, ან ჩვენი სამშობლო ყველასი ერთად. ქართული ოცნებისთვის საქართველოს სახელმწიფო ეს არის ბიძინა ივანიშვილი, მამაცაშვილი, ივანიშვილის ძმა და მათი ფინანსური კაპიტალის დაცვა. ეს არის ყველაზე უფრო ძირგამომთხრელი საქმიანობა და პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც მიყვება ოცნება, როდესაც ისინი აიგივებენ ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოსთან.

ამიტომ, შევახსენებ ყველას, ივანიშვილი დასანქცირდება და მან ძალიან კარგად იცის, რატომ არ არის ამ სიაში, და ეს ძალიან კარგად იციან ოცნების წარმომადგენლებმაც, მეორე - სანქციები გაფართოვდება, ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, მესამე რეალურად, ქართული ოცნება არის პოლიტიკური ძალა იდეოლოგიური საყრდენის გარეშე, რომელსაც არ მიაჩნია რუსეთი არ მიაჩნია ტერორისტულ სახელმწიფოდ და ეს დაადასტურა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენი სახელმწიფო, სამშობლო არ არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი სახელმწიფო არის საქართველო, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საკუთარი მოქალაქეების ინტერესს. შესაბამისად, ერთადერთი ყველაზე ნიშანდობლივი რაც შეიძლება ამის შემდეგ მოხდეს და განვითარდეს, ეს არის ის, რომ ივანიშვილმა გაიგოს, მის ფინანსურ კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას", - თქვა დეკანოიძემ. 

***

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა, რომელიც 12 ოქტომბრით არის დათარიღებული და ძალაში დღეიდან შევიდა. შავ სიაში შესაყვან პირთა სია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა. 

ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. 

საერთო ჯამში, სანქციები შეეხო 3 800 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დასანქცირებულ პირთა შორის არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, ასევე ოლიგარქები სერგეი კურჩენკო და ოლეგ დერიპასკა.

სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ. 

სანქციების თანახმად, ხსენებულ პირებს ეკრძალებათ არსებული კაპიტალის უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანა, მიწის ნაკვეთების შეძენა, ქონების გადაცემა/გასხვისება, სავაჭრო ოპერაციების შესრულება, რესურსების ტრანზიტი. სულ სანქციები 13 პუნქტისგან შედგება და მათი მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული. 


close დახურვა