logo
ENG



დეკანოიძე: ჩვენს დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე აძევებენ

31 ოქტ 202013:25
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე აძევებენ.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ასეთი დარღვევები დაფიქსირდა 75-ე, 62-ე, 73-ე და 67-ე უბნებზე.

მისივე თქმით, 72-ე უბნის შესასვლელთან ოცნების აგიტატორები ამომრჩეველთა სიებით დგანან, რითაც კანონს არღვევენ.

"ძირითადად არის დარღვევები, რომელიც ეხება ჩვენი დამკვირვებლების უფლების შეზღუდვას, კერძოდ 41-ე მუხლის დარღვევას და მათ გამოძევებას საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეს არის 75-ე, 62-ე, 73-ე და 67-ე უბნები. ასევე, 72-ე უბანზე ქართული ოცნების აგიტატორები არიან სიებით ზუსტად საარჩევნო უბნის შესასვლელთან და არღვევენ კანონს", - განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 81-ე საარჩევნო უბანზე კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და ამის გამო ამომრჩეველთა ნაწილმა ხმის მიცემა ვერ შეძლო.

"სრული განუკითხაობა იყო 81-ე უბანზე დილიდან. დარღვეული იყო ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმები. საარჩევნო უბანი არის საკმაოდ პატარა, ადამიანებს არ ჰქონდათ დისტანცირების საშუალება და ძალიან ბევრი ამომრჩეველი შესაბამისად გაბრუნდა უკან. ამაზე რამდენჯერმე მივმართეთ საარჩევნო კომისიას, თამარ ჟვანიას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა