logo
ENG



დეკანოიძე ვაშაძეზე: სამწუხაროა, რომ თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს

10 ნოე 202014:40
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე ვაშაძეზე: სამწუხაროა, რომ თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

"სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს.

ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ", - წერს დეკანოიძე.

ვაშაძე განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე იქნას გადატანილი:

"მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად", - აცხადებს ვაშაძე. 

ის ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.


close დახურვა