logo
ENG



დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: აქციაზე დაკავებულებს დაერღვათ სამართლიანი სასამართლოს უფლება

22 ნოე 201910:49
3 წუთის საკითხავი
 
h9aj3ig3yxxczz8.jpeg

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 2019 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებს ეხმიანება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დაკავებულების სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უხეში პროცედურული დარღვევების პარალელურად, სასამართლო განხილვებისას, მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა დაკავებულთა ნაწილის განცხადება პოლიციის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე. 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქმეების განხილვისას ადვოკატებისა და მედიის მიერ დოკუმენტირებული მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, მათ შორის: ადვოკატებისათვის მტკიცებულებების შესაგროვებლად, კითხვების დასასმელად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეუსაბამოდ მცირე დროის განსაზღვრა; ჩანიშნული პროცესების დაგვიანებით დაწყება, რამაც რიგ შემთხვევებში კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების ვადების დარღვევა გამოიწვია; საქმეების დაუსაბუთებელი გაერთიანება; ავთენტურობისა და მასში მონაწილე პირთა ვინაობის დადგენის გარეშე ვიდეოჩანაწერების მტკიცებულებებად დაშვება; პოლიციის მიერ წარმოდგენილი შაბლონური მასალები, მონაწილეთა ინდივიდუალური მახასიათებლების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე; ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად.

"უხეში პროცედურული დარღვევების პარალელურად, სასამართლო განხილვებისას, მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა დაკავებულთა ნაწილის განცხადება პოლიციის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე. 

"იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი უფლებათა დარღვევის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ახლადშექმნილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, უზრუნველყოს დაკავებულთა ფიზიკური შეურაცხყოფისა და პოლიციელთა მიერ ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით 37 პირი დააკავეს. 37-ვე პირის საქმე ერთ მოსამართლეს ვალერიანე ფილიშვილს დაეწერა. გარდა ამისა, როგორც დაკავებულების უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, უხეშად ირღვევა დაკავებულთა უფლებები.


close დახურვა