უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ სამხედროების უდიდესი დანაკარგის გამო, რუსეთის ფედერაცია აპირებს ოკუპირებული ყირიმიდან ბავშვების ე.წ „ახალგაზრდების არმია“ უკრაინასთან ომში გაგზავნოს.
ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსეთი თავისი ბავშვების "საზარბაზნე ხორცად" გამოყენებას აპირებს, რათა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინოს.
„რუსეთის ხელისუფლება ომის დანაშაულების ჩასადენად ბავშვებს საზარბაზნე ხორცად გამოიყენებენ. უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, კონკრეტულად დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთი სწრაფად ზრდის „იუნარმიის“ მოძრაობის ქსელს“, - წერს უკრაინის სახალხო დამცველი.
დენისოვას თქმით, რუსი ბავშვებისა და ახალგაზრდების სამხედრო ორგანიზაციას „იუნარმიას“ წლის დასაწყისიდან 16.5 ათასი ბავშვი შეუერთდა და 85 ახალი დანაყოფი შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ იუნარმიას რუსეთის სამხრეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში 194 000 ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ჰყავს, რაც აჭარბებს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული რუსული ძალების რიცხვს.
ასევე სახალხო დამცველის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ძალები გეგმავენ საერთაშორისო არმიის თამაშების გამართვას 2022 წელს, სადაც ახალგაზრდებს ნამდვილი ომისთვის მოამზადებენ.
უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების ჯარში გაწევრიანება ჟენევის კონვენციის კანონებს, მათ შორის ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ბავშვთა უფლებებს არღვევს.
„მივმართავ გაეროს კომისიას, რომ გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები უკრაინაში რუსული ჯარის შემოჭრის განმავლობაში და ვითხოვ ექსპერტთა მისიას, რომელსაც ეუთოს წევრი ქვეყნები მოსკოვის მექანიზმის მიხედვით შექმნიან, რათა გაითვალისწინონ ეს ომის დანაშაულები და რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები “, - განაცხადა დენისოვამ.