უკრაინის სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას, მოახდინონ რეაგირება მისი უფლებების დარღვევაზე.
ამასთან, დენისოვა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი -კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც, არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი. სასამართლო დარბაზში მიხეილმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და გმირი უკრაინელი ხალხის დახმარება.
მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე"- წერს დენისოვა.
20 აპრილს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწია.
ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.