logo
ENG



დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წაუყენეს

08 ოქტ 201921:54
3 წუთის საკითხავი
 
sw67ens8gruxked.jpg

პროკურატურამ ბრალი წაუყენა დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად წარმოგიდგენთ:

"2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)".

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. უწყების ინფორმაციით, თოდაძე პროკურატურაში ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:30 საათზეა დაბარებული დადგენილების წასაღებად.

თამთა თოდაძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა. დაზარალებულის დედის განცხადებით, იყო მორიგების მცდელობაც. მისი თქმით, ილია ჯიშკარიანის მეგობარი იყო მათთან მისული ბრალდების უარყოფის თხოვნით.


close დახურვა