გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ფაიზერის (Pfizer/BioNTech) მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა.
ბრიტანული მარეგულირებლის ცნობით, ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 95%-ია, სათანადოდ უსაფრთხოა იმისთვის, რომ მომავალი კვირიდან მოხმარებაში ჩაეშვას.
BBC-ის ცნობით, მაღალ რისკჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების აცრა შესაძლოა უახლოეს დღეებშივე დაიწყოს.
ბრიტანეთს ამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რაც 20 მილიონი ადამიანის აცრისთვის არის საკმარისი. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი 10 მილიონამდე დოზა იქნება - დიდი ბრიტანეთი მათ მიღებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ცნობისთვის, დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ე.წ. კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის უკვე შეუკვეთა და ის ქვეყანაში "მარტში ან აპრილში შემოვა". აღნიშნული პლატფორმა ოქსფორდისა და მოდერნას ვაქცინებთან ერთად, ზემოხსენებულ ფაიზერის ვაქცინასაც სწავლობს, რომელსაც ბრიტანეთი გამოიყენებს.