logo
ENG



დიდ პატივს ვცემთ ყველას, მაგრამ რწმენა რწმენაა - სამების ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება

26 აპრ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

მართლმადიდებელი მრევლი დღეს ტაძრებში ისევ შეიკრიბა. ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს.

„ამდენი საუკუნეა, რომ ერთი კოვზით აზიარებენ - აქამდე მაშინ ყველა დაავადებული უნდა იყოს. დიდ პატივს ვცემთ ყველას, მაგრამ რწმენა რწმენაა. უფლის სისხლი და ხორცია, რა ახსნა უნდა ამას, რა თქმა უნდა, საკურნებელია", - ამბობს მრევლი.

სასულიერო პირების ნაწილი საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს ისევ არ ასრულებს, ისინი პირბადის გამოყენებაზე უარს ამბობენ.

მეუფე დანიელი გამოეხმაურა პრემიერისა და მედიკოსების განცხადებას საერთო კოვზით ზიარების შესახებ - მისი თქმით, ეს არანაირ საფრთხეს არ შეიცავს და, პირიქით, კურნავს კიდეც დაავადებულებს.

„საზიარებელი კოვზი ეხება ქრისტეს ხორცსა და სისხლს. თუ ადამიანი არ ეზიარება, მაგრამ უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და ის განიკურნება - ამიტომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო", - განაცხადა მეუფე დანიელმა.

საქართველოში კორონავირუსის 485 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული - აქედან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.


close დახურვა