60 წლის ასაკში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
მარადონამ მონაწილეობა 4 მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო. 1986 წელს კი მისი კაპიტნობით არგენტინა მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 1986 წელს მარადონას ჩემპიონატზე გამოსვლა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, დღემდე საუკეთესო ინდივიდუალურ პერფორმანსად ითვლება. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში მარადონამ ინგლისს მისი ყველაზე ცნობილი ორი გოლი გაუტანა - გოლი "ღმერთის ხელით" და სოლო რეიდი ცენტრიდან, რომელიც 2002 წელს ფიფა-მ საუკუნის გოლად აღიარა.
1990 წელს მარადონამ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიიყვანა, სადაც დასავლეთ გერმანიასთან დამარცხდა. მარადონა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებიდან ეფედრინის მიღების გამო მოკვეთეს.
საკლუბო კარიერის განმავლობაში მარადონა სხვადასხვა დროს ბოკა ხუნიორსის, ნაპოლისა და ბარსელონას ღირსებას იცავდა. ნაპოლიში მარადონამ ორი საჩემპიონო ტიტული მოიგო.
საფეხბურთო კარიერა ლეგენდამ 1997 წელს, არგენტინაში, მშობლიურ ბოკა ხუნიორსში დაასრულა.
ბევრის აზრით, მარადონა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ფეხბურთის მეფე - სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს მარადონას სპეციალისტების უმრავლესობა.
არგენტინის ნაკრებში მარადონამ 91 თამაშში 34 გოლი გაიტანა. პროფესიულ საკლუბო კარიერაში კი მარადონამ 491 მატჩი ჩაატარა და 259 გოლი გაიტანა.
მარადონა 2008-2010 წლებში არგენტინის ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა. მან გუნდი სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, სადავ არგენტინა გერმანიამ მეოთხედფინალში 4-0 დაამარცხა.