ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს სანქციებს უწესებს. დონალდ ტრამპმა უკვე ხელი მოაწერა განკარგულებას.
დოკუმენტის მიხედვით, მათ ვინც ავღანეთში ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაშია ჩართული, ეკონომიკური შეზღუდვები შეეხებათ. ამას გარდა აეკრძალებათ შეერთებული შტატების საზღვრის გადალახვა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ამერიკელი სამხედროებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის მიზნით მიიღეს.
ჰააგის სასამართლოს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არაეფექტური, ბიუროკრატიული სტრუქტურა უწოდა. ამერიკელი სამხედროების, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2017 წელს ითხოვა, თანხმობა კი ორი თვის წინ მიიღო.