პარტია დროა ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილსა და ძალადობას.
როგორც პარტიის ამბობენ, საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება "კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს ჟურნალისტებისთვის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მიზანმიმართული, წახალისებული აგრესიისა და ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლები არიან".
"ანდრია ჯაღმაიძის განცხადება არ არის ერთეული შემთხვევა და საპატრიარქო უკვე წლებია ყოფს საქართველოს საზოგადოებას და სიძულვილს თესავს. წლებია, საქართველოს საპატრიარქო ძალადობრივ, პრორუსულ ჯგუფებს ქმნის, აძლიერებს და იყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინტერესებს უპირისპირდება. ყველა ეს ჯგუფი საპატრიარქოსა და ქართული ოცნების ინსტრუმენტია საზოგადოებაზე ძალადობრივი კონტროლის მოსაპოვებლად. მედიის, აქტივისტების, უმცირესობების თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა, მათი ჩაგვრა, ძალადობა, შიშის დათესვა და საზოგადოების სიძულვილით კვება რუსული მართვის მოდელია, რასაც მყარი რუსული კავშირების მქონე საპატრიარქო და ხელისუფლება წლებია იყენებენ. ამის ნათელი მაგალითია 2013 წლის 17 მაისი, 2021 წლის 5 ივლისი, როცა ხელისუფლებისა და საპატრიარქოსგან წახალისებულმა და მართულმა ჯგუფებმა მასობრივად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე, რაც მსხვერპლით დასრულდა.
რუსეთთან საპატრიარქოს კავშირი უკვე ღია და დაუფარავია. უკრაინაში ომის შესახებ სრული დუმილის ფონზე, საქართველოს პატრიარქი იყო ერთადერთი სასულიერო ლიდერი მთელ მსოფლიოში, ვინც რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. კირილი ვლადიმერ პუტინის იდეოლოგიური საყრდენია და მისი პოლიტიკის გამტარებელია, მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის სასტიკ, არაადამიანურ ომს. სწორედ სიძულვილით, მტრობით, ძალადობით საზოგადოების კვებამ გააღვიძა ადამიანებში არსებული ყველაზე ბნელი ინსტინქტები. ამის შედეგია მზარდი ფემიციდი, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ძალადობა, არასრულწლოვანებზე განხორციელებული ძალადობის გახშირებული ფაქტები. ძალადობის ეს ტალღა არათუ არ შემცირდება, არამედ პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება პრობლემის ფუნდამენტთან დაპირისპირების გარეშე - ქვეყნის მართვის რუსული მოდელი, რომელსაც საპატრიარქო და ქართული ოცნება იყენებენ", - წერია დროას განცხადებაში.
***
ხაშურის დედათა მონასტერს 2 პირი თავს დაესხა - ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. მონაზონი ფიზიკური დაზიანებებით თბილისში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ - დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გამოეხმაურა და მომხდარი კრიტიკულ მედიას დააბრალა.
ჯაღმაიძე Facebook-ზე წერდა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.
ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა საზოგადოებაში - სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებზე გადაბრალება "უკიდურესად საშიში და არასწორია".
გირჩი-მეტი თავისუფლებამ კი ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მომხდარი ძალადობის ფაქტი მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას" დააბრალო და ამისთვის პირველ, რიგში საჭიროა, საერთოდ არ გქონდეს სინდისი.