logo
ENG



დღეს ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები ბორჯომის მერიასთან აქციას გამართავენ

21 მაი 202110:30
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები აქციას ბორჯომის მერიასთან გამართავენ და საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. როგორც ისინი ამბობენ, მათ პროფკავშირების წევრებიც შეუერთდებიან და პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს.

გაფიცულების თქმით, კომპანიის მოთხოვნის მიუხედავად, ქარხნის ადმინისტრაციას პროფკავშირების წარმომადგენლების გარეშე არ შეხვდებიან.

"ვაგრძელებთ პროტესტს და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების წევრები ჩამოვლენ ბორჯომში და იქნება მასშტაბური აქცია", - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული, ბექა სტეფნაძე. 

გუშინ, 21 მაისს კომპანიამ "IDS ბორჯომი საქართველო" განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კომპანია მზადაა გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასის ზრდის მოთხოვნა დაუკმაყოფილოს, თუმცა განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის გიორგი დიასამიძის მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესს ხელს შეუშლის". 

გაფიცული თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ ქარხნის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების პროცესს გიორგი დიასამიძის თანამონაწილეობის გარეშე არ აპირებენ.

ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის გაზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

19 მაისს ბორჯომისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი  ბორჯომის ქარხნის წარმომადგენლებს და გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაჟორიტარმა განაცხადა, რომ "პოზიციები დაახლოებულია", თუმცა კომპანიის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.


close დახურვა