დღეს პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. დეპუტატები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიმდინარე წლის 9 თვესაც მიმოიხილავენ. მთავარი მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იქნება. კომიტეტის სხდომას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები არ დაესწრებიან, რადგან დეპუტატები პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ ბიუჯეტის მხარდაჭერას მისი გუნდი არ აპირებს. ის მიიჩნევს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას.
"2020 წლის ბიუჯეტი არის ის დოკუმენტი, რომელიც სამწუხაროდ არ მოიტანს ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას, კვლავ გამწვავდება ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხები და ფასების ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი გახდება. ამ ბიუჯეტს რა თქმა უნდა მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა გოცირიძემ.
კოლეგის აზრს იზიარებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ახალი ბიუჯეტი მორგებულია იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა და დაახლოებულმა პირებმა უფრო მეტი ფული იშოვონ.
"გრძელდება ხალხის ხარჯზე „ქართული ოცნების“ კეთილდღეობის ზრდა. ადამიანები ყოველდღიურად მაღაზიებში და აფთიაქებში გაზრდილ ფასებს უყურებენ. ბიუჯეტი თითქმის 14 მილიარდი გახდა, მაგრამ ეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას არ ეტყობა. თუ მთავრობა ქამრებს მართლა შემოიჭერდა, შესაძლებელი იქნებოდა პენსიის მინიმუმ 80 ლარით გაზრდა, და ბევრი ისეთი პროგრამის განხორციელება, რაც ხალხისთვის იქნებოდა კარგი. დღეს რაც ხორციელდება, მორგებულია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა იშოვონ დიდი ფული“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
ოპოზიციური ლიდერებისგან განსხვავებით დამოუკიდებელი დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ბიუჯეტის განხილვაზე დასწრებას აპირებს. ჭიჭინაძე აცხადებს, "რეალურად ბიუჯეტი არის საარჩევნო და ორიენტირებულია მოსახლეობის გარკვეულ ფენაზე და მათი ხმების მობილიზებაზე".