5 დეკემბრის გადაცემა მიშა მშვილდაძემ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფის შექმნით გახსნა.
„ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და რამდენიმე დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფს ქმნიან. შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ახლა ჰო გადაგვაგდეს და 2024-ის გადაგდებისთვის დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოები. მინდა მივმართო ზოგადად მაჟორიტარებს: რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, ვინც ჯერ შევარდნაძესთან იყავით, შემდეგ მიშასთან, შემდეგ "ქართულ ოცნებაში" გადაპორტირდით. ჰოდა, ისე ნუ მოიქცევით, რომ ჩვენთან მოსასვლელი პირი აღარ გქონდეთ ბიჭებო“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
გადაცემის მსვლელობისას მშვილდაძემ ე.წ. ურჩ დეპუტატებზეც ისაუბრა.
„გადავიდეთ თითქმის ახალ რუბრიკაზე – „ახლოს გავიცნოთ ურჩი დეპუტატები". წინა გადაცემებში გაგაცანით ვიქტორ ჯაფარიძე და დიმიტრი ხუნდაძე. ამის შემდეგ შემოვიდა უამრავი წერილი, რომ დავიცვათ გენდერული ბალანსი. ამიტომ, დღეს ახლოს გავიცნობთ ბიძინას დაუმორჩილებელ დეპუტატს – ნინო წილოსანს. აქვე წინასწარ ბოდიშს მოგიხდით იმის გამო, რომ მომავალში ვეღარ დავიცავთ გენდერულ ბალანსს, რადგან ნინო ერთადერთი ქალია იმ 40 დეპუტატს შორის, ვინც გაბედა და ბიძინას ხალხისადმი დაპირება არ შეასრულებინა. არადა, ამ ჩამონათვალში სწორედ ნინო წილოსანს ჰქონდა ყველაზე მეტი მიზეზი, რომ უსიტყვოდ დამორჩილებოდა ბიძინას გადაწყვეტილებას. საქმე ისაა, რომ ნინო წილოსანი და მისი ოჯახი ძალიან ახლოს იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან". სწორედ იმ დროს მოახერხეს და 3 მილიონად გამოისყიდეს ვაგონმშენებელი ქარხანა. ამ საქმეში ბრალდებულები არიან ნინოს მამა და მეუღლე. საქმე 7 წელია ძიებაშია და ნებისმიერ დროს შეიძლება ისე დაასრულონ, როგორც ნინოს არ აწყობს. ამ დროს არათუ ბიძინას წინააღმდეგ უნდა წახვიდე, ცოტა ხანს უნდა დაიმალო კიდეც. ამაზე ნინომ განაცხადა: 2016 წელს, როცა პარლამენტში ამირჩიეს, მთლიანად ჩამოვშორდი ჩემი ოჯახის საქმიანობასა და პრობლემებს... ისე ჩამოშორდა, რომ 2017 წელს ნინო წილოსანს მამამ 100 ათასი ლარი აჩუქა“, - განაცხადა მშვილდაძემ.
გადაცემის წამყვანი ივანიშვილის მიერ ხუთნახევარი თვის წინ გაცემულ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასაც ეხმაურება.
„ხუთთვენახევარი გავიდა რაც ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას შეგვპირდა. ეს იყო 24 ივნისი. ამავე წლის 14 ნოემბერს, ეს დაპირება არ შესრულდა. გადაგვაგდეს. მალე ერთი თვე გავა ამ გრანდიოზული გადაგდებიდან და მე ისევ ისეთი გაბრაზებული ვარ, როგორიც 14 ნოემბერს ვიყავი. დავინტერესდი, საქართველოს ისტორიაში თუ ყოფილა მსგავსი გადაგდებები და რა ბედი ეწიათ გადამგდებებს. ამ საკითხის შესწავლა ვთხოვე მსოფლიოში, ამ ეტაპზე, ერთადერთ „გადაგდების ისტორიის" მკვლევარს და ჩვენი გადაცემის მემატიანეს, გიორგი გოჩაშვილს, იგივე არქივას",-აღნიშნა მშვილდაძემ.
გადაცემის ბოლოსკენ მშვილდაძემ ათონის მთაზე მოღვაწე ბერის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებაზეც ისაუბრა.
„როგორც წესი, ასეთ დროს განსაცდელისთვის უფალს მადლობას უხდიან ხოლმე, თუმცა, ბერს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია“, - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.