25-წლიანი გამოცდილების გავლენიანი ამერიკული კომპანიისა და „ფორმულას“ თანამშრომლობა იწყება. კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით 6 სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს. აქამდე „ედისონ რისერჩს“ საქართველოში ეგზიტპოლი 4 არჩევნების დროს უკვე მომზადებული აქვს და ყველა შემთხვევაში გამოკითხვის შედეგი ცესკოს მონაცემების იდენტური იყო. გამართლდა ის ვერსიაც, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალი იქნებოდა.
თანამშრომლობის მემორანდუმი „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩს“ შორის ხვალ ოფიციალურად გაფორმდება. ამით ფორმულა ხდება ის ტელეკომპანია, რომელსაც ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია 2020 წელს საარჩევნო ეგზიტპოლს „სიენენის“, „ფოქს ნიუსის“, „ენბისის“ და „სიბიესის“ პარალელურად მიაწოდებს. „ფორმულას“ დაკვეთა უპრეცედენტოა, რადგან არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კომპანიას კვლევების ჩატარება არასდროს დაუწყია.