logo
ENG



ევროკავშირი: დარღვევების შესახებ ცნობებმა შეამცირა ხალხის რწმენა საარჩევნო პროცესის მიმართ

01 ნოე 202021:44
3 წუთის საკითხავი
 
26vnj2b3tlz5c91.jpg

ევროკავშირი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების პირველად შეფასებებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ საქართველოში 2020 საპარლამენტო არჩევნები  უმეტესად ადამიანის უფლებათა პატივისცემით და კონკურენტულად ჩატარდა, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ დარღვევების, ისევე როგორც, ამომრჩევლების მიმართ წნეხის შესახებ არსებულმა მრავალრიცხოვანმა ცნობებმა, საზოგადოების რწმენა საარჩევნო პროცესის მიმართ შეარყია. 

იხილეთ განცხადება სრულად: 

"საქართველომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეცვლილი საარჩევნო სისტემით და ამომრჩეველთა მაღალი გამოცხადებით ჩაატარა, მიუხედავად კოვიდ19-ის მიერ შექმნილი გამოწვევებისა. 

ეუთო-ს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების, ისევე როგორც, ეუთო-ს ცენტრალური ოფისის პირველადი დაკვირვებებისა და დასკვნების მიხედვით, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად და მთლიანობაში, ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით. 

თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების პროცესი ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლის და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის წაშლის მრავალრიცხოვანი ბრალდებების ზეგავლენით წარიმართა, რამაც შეამცირა ხალხის რწმენა პროცესის გარკვეული ასპექტების მიმართ. 

დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა, სრული საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ისევე როგორც, არჩევნების მეორე ტურში კვლავ საკვანძო მნიშვნელობისაა, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანად, გამჭვირვალედ და სწორხაზოვნად მოგვარება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დემოკრატიული პრინციპებსა და სტანდარტებს უერთგულოს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიაგარემოს უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ამომრჩევლებისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება დარჩენილ საარჩევნო პროცესს, განსაკუთრებით კი არჩევნების მეორე ტურს. 

შესწორებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნიდა ჯანსაღ ნიადაგს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ცოტა ხნის წინ მიღებული საკანონმდებლო შესწორებები ნაწილობრივ პასუხობდა ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, თუმცა მათი ნაწილი შეუსრულებელია. 21 ნოემბრის მეორე ტურების შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, ინკლუზიური დიალოგის გზით, საკანონმდებლო კორპუსის ხარვეზების გამოსწორება, ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციების ჩათვლით.

ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და განაგრძობს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაშია აღნიშნული", - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში. 

 


close დახურვა