საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა, რაც რუსეთის 100-ზე მეტ მოქალაქეს შეეხება.
ბორელის თქმით, ახალი პაკეტი რუსეთის ეკონომიკაზე დამატებით სანქციებსაც მოიცავს.
„სანქციების ახალი პაკეტი განსახილველად წარვუდგინეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. პაკეტი მოიცავს 100-ზე მეტ ოფიციალურ ადამიანს, რუსეთის ნომენკლატურის წარმომადგენელს. ეს პაკეტი ასევე მოიცავს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს“ - განაცხადა ბორელმა.
დღეს დილით, ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები შეთანხმდნენ სანქციების ახალ პაკეტზე. ამჟამად დამატებითი სანქციები განხილვაზეა და საბოლოო სია, სავარაუდოდ დღეს საღამოს გამოქვეყნდება.