ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის მიერ კიევისა და სხვა ქალაქების უწყვეტი დაბომბვის ფონზე, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას განაგრძობს. მხარდაჭერის ფარგლებში, ევროკავშირი უკრაინას დამატებით 3,3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების შესასყიდად იქნება მიმართული.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, გასულ კვირას ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერის სესხის (Ukraine Support Loan) ფარგლებში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსება უკვე დაამტკიცა, თუმცა არსებული გამოწვევების ფონზე დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო. ფონ დერ ლაიენმა წამოაყენა ინიციატივა, SAFE-ის პროგრამიდან დარჩენილი სახსრები ევროკავშირსა და უკრაინას შორის ერთობლივი თავდაცვითი პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენონ.
გეგმის მიხედვით, ერთობლივი ანტიბალისტიკური Freya-ს სისტემაზე დაყრდნობით, მხარეები ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარებას ისახავენ მიზნად. ეს ინიციატივა გააერთიანებს უკრაინის საბრძოლო გამოცდილებასა და ინოვაციებს ევროპის ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ სიმძლავრესთან.
